სოფელ ნიქოზის ტერიტორიიდან ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებულ ექიმ ალექსი მამულიას შესაძლოა, “ბრალი დაუმძიმდეს”.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ხაზიდან 26 დეკემბერს გატაცებული ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი რუსეთის მოქალაქეს სამხედრო სამსახურის თავიდან არიდებაში ეხმარებოდნენ და მის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას აპირებდნენ.
ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი და აგვისტოს ომის მონაწილეა. გატაცებულები ერთმანეთის ნათესავები არიან და ისინი საოკუპაციო ხაზთან ჯაფიაშვილის მამის წლისთავის გამო იმყოფებოდნენ, რა დროსაც მოქალაქეები ოკუპანტებმა გაიტაცეს.
გატაცებულ ქართველებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.