ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადების გადაწყვეტილება მიმდინარე გარემოებების საფუძვლიანად განხილვის შემდეგ იქნა მიღებული. პია კაუმა წერილში აღნიშნავს, რომ გააგრძელებს ძალისხმევას ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მხარდაჭერისა და ყველა მხარეს შორის დიალოგის წახალისებისთვის.
„ვიმედოვნებ, რომ კარგად ხართ. საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, ჩემს წინა კორესპონდენციაზე დამატებით უნდა გაცნობოთ, რომ სამწუხაროდ ვიზიტი ვერ შედგება 8-10 იანვარს, ისე, როგორც ამას თავიდან ვიმედოვნებდით. ეს გადაწყვეტილება მიღებულია მიმდინარე გარემოებების საფუძვლიანად განხილვის შემდეგ.
როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული და როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრთან კონსტრუქციულად განვიხილეთ, საქართველოს ესაჭიროება მუშაობა საარჩევნო პროცესების ეუთოს ვალდებულებებსა და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები კრიტიკულია ხარვეზების აღმოსაფხვრელად, და კვლავ ხაზს ვუსვამ ჩემს მტკიცე მხარდაჭერას მათი განხორციელების მიმართ.
დაგეგმილი ვიზიტის მიზანი იყო ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ მნიშვნელოვან რეკომენდაციებთან დაკავშირებით დიალოგის წარმართვა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართ ეუთოს მხრიდან ერთგულების დადასტურება. მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ თქვენი მთავრობის სურვილს, უმასპინძლოს ჩემს დელეგაციას, მივედი დასკვნამდე, რომ არსებული პირობები არ უწყობს ხელს იმგვარ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დისკუსიებს, რომლებიც საჭიროა ხელშესახები პროგრესის მისაღწევად.
თუმცა მტკიცედ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ მხარი დავუჭიროთ ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულებას და წავახალისოთ დიალოგი ყველა მხარეს შორის. ველოდები საქართველოში ვიზიტისათვის უფრო შესაფერისი დროის განსაზღვრას, როდესაც პირობები უკეთ შეუწყობს ხელს კონსტრუქციულ ჩართულობას.
ამავდროულად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ODIHR-ის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად და პრიორიტეტი მიანიჭოს ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს ყველა შესაბამის ძალასთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას, და მზად ვიქნებით განვიხილოთ ეს საკითხი ონლაინშეხვედრის ფარგლებში უახლოეს მომავალში.
გმადლობთ თქვენი გაგებისა და განგრძობადი თანამშრომლობისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებთ ერთად მუშაობას საქართველოში დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების განმტკიცებისათვის“, – ნათქვამია პია კაუმას წერილში. (1tv.ge)