აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიაჩნია, რომ ომში უკრაინელების გამარჯვების რეალური შანსი არსებობს.
ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
“დღეს მე მქონდა ხანგრძლივი საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. და ვფიქრობ, სანამ ჩვენ ვინარჩუნებთ დასავლეთ ევროპის ერთიანობას უკრაინის საკითხში, არსებობს რეალური შანსი, რომ უკრაინელებმა გაიმარჯვონ”, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, რუსეთისთვის ომში მონაწილეობის ფასი “წარმოუდგენლად მაღალია”.
“600 ათასზე მეტი დაღუპული და დაჭრილი. მათ მიერ ჩამოყვანილ კორეელებს ასევე აქვთ სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი”, – განაცხადა მან.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, არის დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკამ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა. ისინი ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხნენ.
კერძოდ, ორივე ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს აშშ-ის ახალი სანქციების პაკეტის დეტალები რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ, რომელიც ეხმარება კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ომის დაფინანსებაში.
გარდა ამისა, ზელენსკიმ და ბაიდენმა განიხილეს უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, უკრაინის საჰაერო ფარის შემდგომი გაძლიერება და უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებთა დაცვა რუსული ტერორისგან – რუსული რაკეტებისა და დრონების ყოველდღიური დარტყმისგან.