ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და რეჟიმის სხვა ტყვეების გათავისუფლებას 20 იანვრამდე ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თეატრალები პროტესტის პასიური ფორმიდან, აქტიურ ქმედებებზე გადასვლას აანონსებენ.
“დღეს, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ ამავე თეატრის მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების, ადვოკატებს მიერ გასაჩივრებული, გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე. იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე, ჯერ კიდევ ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს მათზე არანაირი მტკიცებულება, რაც მათ სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს, ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და ნახავთ რეალურად, ვაჩვენებთ რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს.
თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ ჯერ არ გინახავთ თეატრი ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი. ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს”, – განაცხადა დავით დოიაშვილმა.