შაკო მაღრაძე, ტიტე გედენიძე და ბექა პაპაშვილი სულ მალე იქნებიან თავისუფლებაზე და ვაგრძელებთ ბრძოლას, როგორც პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის, ისე ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა – სოფო ჯაფარიძემ, ლევან სანიკიძემ და იგორ ნარმანიამ დიღმის იზოლატორთან, გუშინ რესტორან “ბაბილოსთან” ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
“სასამართლო კლანის ქეიფის პარალელურად დააკავეს ჩვენი თანამებრძოლები, დააკავეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულის წევრები და არა მარტო. ძალადობრივი მეთოდები გამოიყენეს მათზე, თუმცა ეს ადამიანები არიან მხნედ, ბრძოლის განწყობაზე, არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტას. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი, რომ პოლიტპატიმრებმა ძალიან მალე დატოვონ საპატიმროები და ამ კლანის მოსამართლეებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რეჟიმის მსახურებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ეს ადამიანები დატოვებენ საპატიმროებს და როდესაც რეჟიმისგან განთავისუფლდება ეს ქვეყანა, აუცილებლად ისინი იქნებიან ამ ადამიანების ადგილმონაცვლეები საპატიმროებში”, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.
ლევან სანიკიძის განცხადებით, დღეს ივანიშვილის ხელისუფლება დგას მხოლოდ და მხოლოდ შავ ნიღბიან და შავი მანტიის მქონე ადამიანების პედესტალზე.
“ესენი არიან ხალხი, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერი მონური ბრძანების შესრულება. გუშინაც აი ამ რესტორანში, სადაც სამართალს პური ნამდვილად არ უჭამია, შეკრებილი იყო ეს კლანი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს პუტინის მოსამართლეებს, ნებისმიერი ბრძანების შემსრულებლებს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის განსაკუთრებული იერიში, რაც ამ ქვეყანაში არის თავისუფლებაზე და ჩვენს ორგანიზაციაზე – ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე, რომლის წევრებსაც აკავებენ, ურტყამენ, ჩვენს ოფისს იღებენ შტურმით, ძალიან ძვირად დაუჯდება, რადგან ჩვენ ვართ იმ ადამიანთა ერთობა, რომელთათვისაც თავისუფლებას არ აქვს ფასი, ეს არის უმაღლესი ღირებულება და დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ეს ჩვენი თანამებრძოლი სამი დაკავებული: შაკო მაღრაძე, ტიტე გედენიძე და ბექა პაპაშვილი სულ მალე იქნებიან თავისუფლებაზე და ვაგრძელებთ ბრძოლას, როგორც პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის, ისე ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებისთვის, რომლის შემდეგაც ამ ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურები და სამართლიანი სასამართლო აუცილებლად დადგება. დადგება დრო, როცა ამ ქვეყანაში თავისუფლება და სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, დღეს “ქართული ოცნება“ დგას მხოლოდ და მხოლოდ შიშზე და მისგან ნაკარნახევ ძალადობაზე.
“ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი საყრდენი დღეს არის სწორედ ეს უსამართლო, დასანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც 19-20 წლის თავისუფლებისთვის მებრძოლ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ პატრიოტ ახალგაზრდებს თვალის დაუხამხამებლად უშვებს საპატიმროებში. მე მინდა კარგად ახსოვდეს ყველას, რომ ეს უსამართლობა, ძალიან მალე დასრულდება. გუშინ სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სხვა პატრიოტ თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს. არავითარი კანონდარღვევა არ ყოფილა გუშინ მათი მხრიდან. მართლა სასაცილოა უკანონობაზე და კანონდარღვევაზე საუბარი იმ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არ არის აღიარებული არავისგან, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ბიჭებო, თქვენს გვერდით ვდგავართ, იყავით მაგრად. ეს უკანონობა ძალიან მალე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში სამართალი იზეიმებს და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.