“ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელის ნინო კალანდაძის განცხადებით, დავოსის ფორუმსა და მიუნხენის კონფერენციაზე არდასწრება, საქართველოს სრულ იზოლაციას ნიშნავს.
როგორც მან Front News-ს განუცხადა, ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას და ასე თუ გაგრძელდება საქართველო ჩეჩნეთს დაემსგავსება და იქცევა არალეგალური ტვირთების კრიმინალურ დერეფნად.
“ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგი, რომელიც უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს. განსაკუთრებით 2022 წლიდან გამწვავდა, კულმინაცია კი 2024 წლის არჩევნები იყო.
ეს მიზანმიმართულად ემსახურება ქვეყნის იზოლირებას დასავლეთ სამყაროსთან. ვინაიდან საქართველოში ხელისუფლების უზურპატორებმა ეს გზა აირჩიეს, შესაბამისი რეაქცია მოჰყვა დასავლეთის მხრიდან. საქართველო თუ აქამდე იყო საერთაშორისო თანამეგობრობის საერთაშორისო ურთიერთობების სრულფასოვანი წევრი, სადაც სიტყვაც ეთქმოდა და დისკუსიებში მონაწილეობდა, მისი ბენეფიციარი საქართველო აღარ არის, შესაბამისად სრულიად ლოგიკურია, რომ ის არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ ფორუმებში აღარ არის მიწვეული.
ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია ნიშნავს, რომ საქართველოს განვითარების რესურსი აღარ ექნება. ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება მთლიანად არის დამოკიდებული საერთაშორისო მონაწილეობაზე. საქართველო თვითკმარი ეკონომიკა არ არის, ის ვერ ქმნის პროდუქტს რომლითაც შეუძლია, რომ მოსახლეობა ასაზრდოოს არცერთი მიმართულებით. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მთლიანად არის დამოკიდებული გარე დაფინანსებაზე – ტურიზმზე და გარედან შემოსულ თანხებზე, რომელიც ხორციელდება ან პირდაპირი ინვესტიციების გზით ან სავალუტო ფონდების მიერ“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკას სასიცოცხლოდ სჭირდება საერთაშორისო ბაზრები.
“პარალელი გაივლო ბელარუსიზაციაზე, ან აზერბაიჯანიზაციაზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ამ ქვეყნებს თავისი ბუნებრივი რესურსი გააჩნიათ, საქართველოს კი არა. შესაბამისად ჩვენთან რისკები გაცილებით მაღალია. პარალელებს თუ მოვიძიებთ, სამეზობლოდან უფრო იქნება 90-იანები საქართველოს მოდელი ან ჩეჩნეთის მოდელი, სადაც საქართველო უბრალოდ იქნება დერეფანი კორუფციული არალეგალური და კრიმინალური ტვირთების“, – განაცხადა კალანდაძემ.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში ტარდება. მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა მონაწილეობს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი. საქართველო არცერთ მათგანში მონაწილეობას არ მიიღებს.