ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებას აქტიურად უნდა შევუდგეთ, გვაქვს დაანონსებული მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელებისთვის თითოეული დღე და თითოეული კვირა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავარდეს.
„დაანონსებული გვაქვს აეროპორტის პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ამ პროექტის პირველი ფაზა და შემდეგ უკვე სრულად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება. გვაქვს სტადიონის პროექტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ გავაცდინოთ იმისთვის, რომ დროულად შევძლოთ სტადიონის დასრულება და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაც არის ჩვენს მიერ გაცხადებული ამბიციური მიზანი“, – განაცხადა კობახიძე.