ხელისუფლებას ჰქონდა რაღაც პოლიტიკური ვალდებულება სავარაუდოდ, კრიმინალურ ჯგუფებთან და შეასრულეს ყაველაშვილის ხელით, – ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა 600-ზე მეტი მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება არალეგიტიმურია, ის ქვეყანას კარგს არაფერს უქადის.
“ყაველაშვილი მიიყვანეს იქ იმისათვის, რომ გააკეთებინონ ყველაფერი, რასაც ეტყვიან. ისიც ასრულებს. ამ კაცმა ჯერ პრეზიდენტის ინსტიტუცია არ იცის რა არის. 600-ზე მეტი მსჯავრდებულის შეწყალებაზე ხელს როცა აწერს, ე.ი ხელისუფლებას ჰქონდა რაღაც პოლიტიკური ვალდებულება სავარაუდოდ, კრიმინალურ ჯგუფებთან და შეასრულეს ვალდებულება ყაველაშვილის ხელით. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ გამიკვირდა.
ჩვენ ჯერ საერთოდ ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა გვაქვს, პლუს პრეზიდენტისაც, ხოლო, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლება გყავს, იქ უკვე ყველაფერია მოსალოდნელი.
საბოლოო ჯამში თუ საზოგადოება პრინციპულობას შეინარჩუნებს ამის შედეგი აუცილებლად დადგება, ასეთ წნეხს ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებს, მით უმეტეს, რომ “ოცნებას“ პრობლემები აქვს ქვეყნის გარეთაც. ხელისუფლება არ არის კარგ მდგომარეობაში“, – განაცხადა ხუხაშვილმა.