არალეგიტიმური ხელისუფლება, რაც არ უნდა ჰუმანურ აქტს ჩადიოდეს, მაინც დაცილებულია ხალხისგან და არ უწევს ხალხს ანგარიშს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თვითნებობს ხელისუფლება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეწყალების აქტი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო და უნდა სცოდნოდათ, რომელ
სისხლის სამართლებრივ დანაშაულებს შეეხო ეს აქტი.
“უნდა ითქვას, რომ შეწყალება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტი, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია გასათვალისწინებელი. ე.წ. პრეზიდენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ წარმოადგენს სახელმწიფოს და პოლიტიკური კლასი, რომელიც ამ არალეგიტიმური კლასის უკან დგას, ვალდებული იყო, რომ საზოგადოებისათვის ანგარიში ჩაებარებინა, ეთქვა წინასწარ, გამჭვირვალე გაეხადა პროცესი. რომელი ქმედებები მოჰყვა ამ შეწყალების აქტში ამაზე საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ასე არ არის. სწორედ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება, რაც არ უნდა ჰუმანურ აქტს ჩადიოდეს, მაინც დაცილებულია ხალხისგან და არ უწევს ხალხს ანგარიშს. ესაა პრობლემა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თვითნებობს ხელისუფლება.
ამ საკითხებს ყურადღება უნდა მიაქციოს ყველა ხელისუფალმა. ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რომელ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებს შეეხო ეს აქტი”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.