ჯერ კიდევ არის დრო, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს კოშმარი დაასრულოს. ევროპისა და თავისუფლების კარი კვლავ ღია რჩება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მოქალაქეებზე ძალადობა.
“ქართველები თავს შეშინების უფლებას არ აძლევენ, რადგან ძალადობის ესკალაცია ძლიერების ნიშანი არ არის, არამედ იმის ნიშანია, რომ “ქართული ოცნება” პანიკაშია. მათ ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის სიძლიერე სათანადოდ ვერ შეაფასეს. იფიქრეს, რომ არჩევნების გაყალბებას შეძლებდნენ, რუსული სამოქმედო გეგმით იმოქმედებდნენ, დაშინებით ძალაუფლებას გაიმყარებდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს ეშმაკთან გარიგებაა. პუტინი პარტნიორებს არ ეძებს.
ჯერ კიდევ არის დრო, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს კოშმარი დაასრულოს. ევროპისა და თავისუფლების კარი კვლავ ღია რჩება, მაგრამ ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს. მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ”, – განაცხადა ტობიას კრამერმა.