პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, კერძოდ, უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა პარიზიდან, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მაკრონს უკრაინის მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარებისთვის. რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ფრანგულმა მხარემ უკრაინას 6 მილიარდი ევროს ოდენობით თავდაცვის მხარდაჭერა გაუწია.
შეხვედრის დროს პრეზიდენტებმა განიხილეს საფრანგეთის მიერ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების შესაძლებლობა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს გააძლიერებს კიევის პოზიციას „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“.
“ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ფორმატებს. იმედი გვაქვს საფრანგეთის მხარდაჭერის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
27 იანვარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ოსვენციმის განთავისუფლების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ზელენსკის ვიზიტის პროგრამა მოიცავდა ორმხრივ შეხვედრებს, კერძოდ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ანტონიო კოსტასთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან.