მინდა, ბრიუსელში მოკალათებულ ზოგიერთ თანამდებობის პირს შევახსენო, რომ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესება ნიშნავს, რომ „ლგბტ კანონის“ და „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით იმავე ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას უნდა შეუზღუდოთ არა მარტო დიპლომატიური პასპორტები, არამედ გარკვეული შეზღუდვები დაუწესოთ, – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატიური პასპორტებთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება უსამართლო ფაქტია, თუმცა ტექნიკურად ბევრს არაფერს შეცვლის.
“დიპლომატიური პასპორტის გარდა, ჩვეულებრივი პასპორტები არსებობს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ეხება. ვერც შეეხება, რადგან, როდესაც ქვეყანა არ არღვევს არანაირ პროცედურებს, უვიზო მიმოსვლა ვერ შეუჩერდება. ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კბენის მაგალითი, მაგრამ უკუქცევითი რეაქცია ექნება. ის, რაც ამერიკაში წინა ადმინისტრაციამ დათესა, მიიღო შედეგი და ჩვენ ვნახეთ, რა შედეგიც მიიღო; ასევე, გერმანიაში და საფრანგეთში. საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, არ არსებობდა და არ არსებობს არანაირი არგუმენტი ევროინტეგრაციის გზაზე, რომ ვინმემ საყვედური გვითხრას. ევროპული ინსტიტუტების ყოველკვირეული შეფასებები ავიღოთ, რომელშიც საქართველოზე სულ პოზიტივია ნათქვამი.
მინდა, შევახსენო ბრიუსელში მოკალათებულ ზოგიერთ თანამდებობის პირს, რომელიც უსამართლოდ ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს, რომ დღეს აბსოლუტურად შეიცვალა მსოფლიო. ის, თუ რა არგუმენტების საფუძველზეც თქვენ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ თუნდაც დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვები დააწესოთ, ნიშნავს, რომ „ლგბტ კანონის“ და „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით იმავე ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას უნდა შეუზღუდოთ არა მარტო დიპლომატიური პასპორტები, არამედ გარკვეული შეზღუდვები დაუწესოთ. ჩვენ „გამჭვირვალობის კანონი“ მივიღეთ, ამერიკის დღევანდელმა პრეზიდენტმა კი ბრძანება გამოსცა, სადაც არა მარტო თქვა, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის დაფინანსება, არამედ სამი თვით საერთოდ შეაჩერა ეს დაფინანსება და თქვა, რომ თუ ეს ფული მშვიდობას არ მოხმარდება, ამ თანხებს საერთოდ არ გადარიცხავს.
ტრამპმა საერთოდ ისეთი ბრძანება მიიღო, რომ არა მხოლოდ ლგბტ პროპაგანდა აკრძალა, არამედ თქვა, რომ ის შევა ლოცვებით და ღირებულებით სკოლაში. მაშინ რა გამოდის? ბრიუსელში ჯერჯერობით კიდევ მოკალათებულ ომის პარტიის წარმომადგენლებს ვეკითხები: რა გამოდის, რომ ჩვენ, შედარებით პატარა სახელმწიფოს, კუნთებს გვითამაშებთ და უფრო უარეს განცხადებებს ვინც აკეთებს, კარგი და პოზიტიური გაგებით, ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მის წინააღმდეგ ხმას ვერ იღებთ? ერთი და იგივე ნარატივია ჩვენი კანონები როგორც გამჭვირვალობაზე, ასევე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ტრამპის ბრძანებები უფრო უარესიც არის. ამას დაფიქრება სჭირდება. ჩვენ სიმართლეს ვემსახურებით, სიმართლე არის ხალხის მხარეს და ხალხი არის ჩვენს მხარეს. ასეთი წრეა შეკრული. დღეს თუ კიდევ არის ილუზია, რომ „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია შეძლებს პროცესების მართვას, ეს მისი პრობლემაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.