მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რიყის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.
“სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.
მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის აპარატი ყოველმხრივ შეისწავლის ამ ტრაგიკულ შემთხვევას, როგორც უწყებების მიერ გატარებული შესაძლო პრევენციული/სარეაგირებო ზომების, ასევე, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გატარებული ღონისძიებების თაობაზე და მიმართავს ყველა სათანადო ზომას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, რიყის პარკში თხრილში სკოლის მოსწავლე ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა 25 იანვარს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თხრილში დიდი რაოდენობით წყალი და ტალახი იყო, რის გამოც ბიჭის ამოყვანა მისმა მეგობრებმა ვერ მოახერხეს.
თბილისის მერია აცხადებს, რომ ტრაგედია კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოხდა.
შსს-მ გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.