რაც ახლა ხდება ამ საკანონმდებლო ცვლილებებით არის ის, რაც რუსეთმა გაიარა, ოღონდ რუსეთში ამას დასჭირდა წლები, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო აკრძალვების მიზანი პროტესტის ჩახშობაა.
“რაც ახლა ხდება ამ საკანონმდებლო ცვლილებებით არის ის, რაც რუსეთმა გაიარა, ოღონდ რუსეთში ამას დასჭირდა წლები და აქ იგივე რუსები გაცილებით ჩქარა აკეთებენ. მიზანი არის ის, რომ ამით ჩაახშონ პროტესტი. დახურულ სივრცეში პროტესტის აკრძალვა პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ დღეს, როცა მოლში იყო საერთო პროტესტი. საბოლოო ჯამში, მიზანი არის, რომ სუნთქვის საშუალება არ მისცენ იმ ადამიანებს, ვინც არ ეგუებიან რეალობას და პროტესტს გამოხატავენ. არ გაუვათ, რამდენიც არ უნდა შეზღუდონ, პროტესტს ისინი მაინც გამოხატავენ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
“ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები დააინიციირა, რომლებიც რიგ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დანაშაულებზე, მათ შორის ოფიციალური პირების შეურაცხყოფასა და პოლიციელებზე თავდასხმაზე სანქციების გაზრდას ითვალისწინებს. ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება.