შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, გადამოწმებულია კონკრეტული მაღაზიაც, სადაც პროდუქტია შეძენილი და დარღვევა არც იქ გამოვლენილა.
“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.
პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას”, – აღნიშნულია კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი “ბაკურიანი ციდას” მიღების შემდეგ ინტოქსიკაციით კლინიკაშია გადაყვანილი. დაწყებულია მოკვლევა.