საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ იყოს ერთი დიდი ფონდი, რომელიც დაეხმარება ყველას, პატიმრების ოჯახებს და იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დაჯარიმებული, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაკავებული აქტივისტების მშობლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სანქცირებულთა სიაში უნდა იყვნენ ე.წ. “ტიტუშკები”, მოსამართლეები და პოლიციელებიც.
“საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ იყოს ერთი დიდი ფონდი, რომელიც დაეხმარება ყველას, პატიმრების ოჯახებს და იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დაჯარიმებული, ასევე მათ, ვინც საჯარო სამსახურიდან არიან დასჯილი. ყველას უნდა გამოვუცხადოთ სოლიდარობა.
მეც ვარ თქვენი დამცველი, თუმცა არ მაქვს იურიდიული და არც პირადი ფინანსური ბერკეტი, მაგრამ მაქვს სხვა ბერკეტი – სიტყვა. ჩავდივარ მიუნხენში, სადაც მინდა, წარვადგინო ეს საკითხი, რომ აქაური რეპრესიული სისტემა უკვე გადაიქცა რუსულ რეჟიმად, ასევე, მინდა, გავამახვილო ყურადღება მიუნხენში იმაზე, რომ სანქცირებულთა სიები არ უნდა იყოს შედგენილი მხოლოდ ვერტიკალის ზემოთა ხალხზე. ყველა პოლიციელმა, მოსამართლემ, “ტიტუშკამ” უნდა იცოდეს, რომ იქნებიან იმ სიაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.