spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა ბუჩუკური – შექმნილ კრიზისულ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე

ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ, შეეგუონ ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, ქართველ ხალხს წაართვან დემოკრატიული მომავალი და ევროპული არჩევანი, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპელი პარტნიორები მოუწოდებენ “ოცნებას”, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესიები.

“პირველ რიგში, მოკლედ გეტყვით, რომ გიორგი გახარია იმყოფება გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.

ვიზიტის ფარგლებში გახარია მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, სადაც ის ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე, ექნება ორმხრივი შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან.

რაც შეეხება ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება არის არალეგიტიმური, რომელმაც საქართველო შეიყვანა ღრმა პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში.

საქართველოს ევროპელი პარტნიორები მოუწოდებენ “ოცნების” რეჟიმს: დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესიები; მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე.

მოუწოდებს “ოცნების” უკანონო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი; ითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც უკვე ოთხ კვირაზე მეტია შიმშილობს და რომელიც სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეების წინაშე დგას;

ხაზს უსვამს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში;

ევროპარლამენტი რეზოლუციაში მკაცრად გმობს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმას, რომელიც “ქართული ოცნების” ოფიციალური წარმომადგენლების ხელით განხორციელდა.

ფაქტია, რომ ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ, შეეგუონ ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, ქართველ ხალხს წაართვან დემოკრატიული მომავალი და ევროპული არჩევანი.

შექმნილ კრიზისულ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე და მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის მრავალი წლის პარტნიორებთან და მეგობრებთან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გიორგი გახარიას ყოფნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ბუნებრივია, საზოგადოებასა და მედიას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას კონფერენციის მიმდინარეობის პარალელურად”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის ტექსტში ევროპელი პოლიტიკოსები გმობენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და “ქართულ ოცნებას” ე.წ. ხელისუფლებად მოიხსენიებენ. ისინი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. რეზოლუციაში საუბარია კონკრეტული პირების სანქცირებაზეც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები