ვასაჩივრებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, თუკი მოსამართლე არ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, პატიმრობა აუცილებლად უნდა გააუქმოს, – ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლე შეიჭრა პროკურორის კომპეტენციაში.
“ვასაჩივრებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომელიც არის უკანონო, რის შემთხვევაშიც მოსამართლე შეიჭრა პროკურორის კომპეტენციაში, ეს როლი თავის თავზე მოირგო და თვითონ ამტკიცებდა, ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი ახალი არსებითი გარემოებები რატომ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ არა მხოლოდ პროცესი ჩაენიშნა, არამედ აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა, რიგ შემთხვევაში კი საერთოდ თავი აარიდა იმ ახალ არსებით გარემოებებზე მსჯელობას, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ.
ამ ახალი არსებითი გარემოებებიდან გამომდინარე, არ მჯერა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე, თუკი არ დაემორჩილება ზეგავლენას, როგორც სხვა შემთხვევებში. თუკი არ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, პატიმრობა აუცილებლად უნდა გააუქმოს”, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.