ბაჩიაშვილის საქმეში პირდაპირ იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესები და ფაქტობრივად, მაგალითია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები არის მიტაცებული, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გიორგი ბაჩიაშვილის პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეში არ არსებობს არცერთი გარემოება და მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც, გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე.
“ბაჩიაშვილის საქმეში პირდაპირ იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესები და ფაქტობრივად, მაგალითია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები არის მიტაცებული. ვხედავთ, როგორ შეთანხმებულად მოქმედებს პროკურატურაც და სასამართლოც იმისთვის, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს გიორგი ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილის საჯარო გააქტიურებასთან ერთად დაჩქარდა სასამართლო პროცესიც. ხელისუფლების წარმომადგენლებს ექმნებათ ძალიან კომფორტული პირობები, მათ შორის სასამართლოს პროცესები იხურება მაშინ, როცა ამის საჭიროება, ფაქტობრივად, არ არსებობს. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ აშკარაა, რომ ეს უნდა იყოს სამოქალაქო საქმე გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიასა და “ქართუ ბანკს” შორის და არა გიორგი ბაჩიაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის.
ასევე, ბიძინა ივანიშვილი “ქართუ ბანკის” ფულს განიხილავს პურად ფულს, რაც პრობლემაა, რადგან “ქართუ ბანკი” არის ფინანსური ინსტიტუცია და ის უნდა მოქმედებდეს კონკრეტული რეგულაციების შესაბამისად.
ამ საქმეში არ არსებობს არცერთი გარემოება და მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც, გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.