საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მასზე განხორციელებულ თავდასხმას “დაგეგმილ და ორგანიზებულ ინტიმიდაციის მცდელობას” უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტი დღევანდელი ძალაუფლების მახასიათებელია.
“ზოგადად, არ ველოდი, მაგრამ უკვე ვიცოდი, წინა დღეს ხომ იყო უკვე გამოცხადებული ეს ინციდენტი, წინასწარ, რაც კიდევ უფრო უცნაურს ქმნის იმას, რომ პოლიცია ადგილზე არ იყო, რადგან პრინციპში, მე რომ ვიცოდი, პოლიციამაც იცოდა და უსაფრთხოების სამსახურმაც ნამდვილად იცოდა, ე.ი. ეს იყო დაგეგმილი, ორგანიზებული ინტიმიდაციის მცდელობა, რაც არის დღევანდელ დღეს მთავარი მახასიათებელი ამ ხელისუფლებასაც ვერ ვარქმევ, ძალაუფლების, რომ ყველანაირად რეპრესიული ზომები მიიღონ. პარლამენტი მხოლოდ რეპრესიული ზომებით არის დაკავებული, ძალოვნები კი არა ადამიანების და მოქალაქეების დაცვით, უცხოელების დაცვით, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში და ყოველთვის ვამაყობთ ამ ტურიზმით, არამედ იმით, რომ აჩვენონ, რომ არიან ძლიერები და შეუძლიათ, დაჩაგრონ ადამიანები. ეს არის მათი პოლიტიკა, დღევანდელი დღე, რაც საკმაოდ სუსტი სახეა ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი მათთვისაც, მათი მომხრეებისთვისაც ძალიან დამაფიქრებელი, როცა სხვა არაფერი არ შეგიძლია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა “ფორმულასთან” ინტერვიუში.
წამყვანის კითხვაზე, “ქართული ოცნების” ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსში “სამშობლოს ღალატის” მუხლის დამატების დაანონსებისა და “ქართული ოცნების” წევრების განცხადებების შემდეგ, ელის თუ არა, ის რეჟიმმა გაასამართლოს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:
“მე ამაზე არ ვფიქრობ და არც არავინ უნდა ვიფიქროთ იმაზე, კიდევ რა შეიძლება მოიფიქრონ და გააკეთონ. ეს ყველაფერი, რაზეც ფიქრობენ, არის ბერკეტები, რაც არის მართვის ბერკეტების ნაცვლად. როცა ვერ მართავ ქვეყანას და ეს ყოველდღიურად ჩანს, მაშინ იძულებული ხარ, მოძებნო ალტერნატივები, ალტერნატიული ბერკეტები და ეს არის ცნობილი, ყველა ამ ტიპის რეჟიმები, სისტემები ცდილობენ გამოიგონონ, თუ რა რეპრესიული კანონები მიიღონ. აქვე, ჩრდილოეთ ქვეყანაში არსებობს ეს მაგალითები და ეს გადმოაქვთ და ჰგონიათ, რომ ამით რაღაცნაირად მართვის იმიტაციას გააკეთებენ, რეალურად, ქვეყანა არის გაჩერებული. არავინ არ მართავს, რატომღაც ჩვენ ვართ ფოკუსირებული ზომებზე, რეპრესიით და ძალადობით მიღებულ ზომებზე, მაგრამ სხვანაირად ვუყუროთ – “ქართული ოცნება” ვერც პარლამენტში, ვერც მთავრობაში, ვერც საგარეო პოლიტიკაში ვერცერთ ზომას ვერ იღებს, პოლიტიკა არ გააჩნია, არის სიცარიელე და ვართ ქვეყანაში, სადაც მთავრობა ვერ მართავს და სადაც საზოგადოება დგას ქუჩაში. ქუჩიდან ვერ იშორებს ამ მთავრობას და ვართ რაღაცნაირად, ერთი მეორეს უყურებს, ეს არის საინტერესო, რადგან ამ დროს, როდესაც შენ ვერ მართავ ქვეყანას, შენი ხელისუფლება იშლება, ეს არის კანონი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.