ჩვენ გვაქვს მოცემული დრო სინანულისა და ღმერთმა ინებოს, რომ ეს მარხვა სინანულში გავატაროთ, რათა აღდგომას სიხარულით შევხვდეთ, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მეუფის თქმით, მოუნანიებელი ადამიანის ხვედრი ძალიან მძიმე იქნება.
“მოგვიახლოვდა დიდი მარხვის პერიოდი. სახარებაში ვკითხულობთ – “როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით ყველა ანგელოზთან ერთად იგი დაჯდება თავისი დიდების ტახტზე და მის წინაშე შეიყრება ყოველი ხალხი და გამოარჩევს ერთმანეთისგან მართლებს და ცოდვილებს ისევე, როგორც მწყემსი გაარჩევს ხოლმე ერთმანეთისგან ცხვრებს და თხებს. ცხვრებში იგულისხმება მართალი ადამიანი, განწმენდილი ღვთის მადლით, თხებში კი იგულისხმება ცოდვილი, მოუნანიებელი, თავის ცოდვაში გაჯიუტებული ადამიანი.
მოუნანიებელი, რომელიც ცხოვრობს თავის ნებაზე და სინანული მისთვის უცხო არის, ამ ადამიანის ხვედრი ძალიან მძიმე იქნება. იმისთვის იკითხება წმინდა წერილი, რომ ადამიანი დაფიქრდეს, გაფრთხილდეს, იცოდეს შედეგი რა მოსდევს მართალ და ცოდვილ ცხოვრებას. უფალი არავის ეძებს, რომ დასაჯოს, უფალი ამ ქვეყნად იმიტომ განკაცდა და ჯვარს ეცვა, რომ ცოდვებისაგან იხსნას კაცობრიობა, რომ არ დაისაჯოს, რომ ადამიანს დაეხმაროს, მაგრამ თუ ადამიანი თვითონ, თავისუფალ ნებას არ გამოთქვამს, ღმერთი იძულებით არ გაცხონებს. ღმერთმა თავისი ნებით მისცა ჩვენს წინაპრებს ყოველივე ის, რაც საუკეთესო იყო, მაგრამ ადამიანმა ის ვერ მოიხმარა, ვერ დააფასა. აი, განკაცებისას ღმერთმა ადამიანს მოუვლინა გადამრჩენელი თავისი აღთქმის თანახმად და გზა გაუხსნა, რომელიც მისთვის მანამდე ჩაკეტილი იყო. აწი თვითონ იშრომე, იზრუნე. პირველი ნაბიჯი არის, რომ მოხვედი, მაგრამ შემდეგი ნაბიჯები მდგომარეობს იმაში, რასაც ჩვენ ვკითხულობთ – “ყოველი სიკეთე, რაც შენ გაუკეთე სხვა ადამიანს, მე გამიკეთე”. “მოდით ჩემთან მამის კურთხეულნო და დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდგან თქვენთვის დამზადებული საუფლო, რადგან მე მშიოდა – მაჭამეთ, მწყუროდა – მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. ყოველი, რომელიც თქვენ ამ ერთს, ჩემს ძმათაგანს გაუკეთეთ – ის მე გამიკეთეთ”. ეს ნათლად მეტყველებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრების გზა, როგორი არის მოწოდება უფლისა თითოეულის მიმართ. ბოროტება გააკეთე მის მიმართ? – ჩემ მიმართ შესცოდე.
ჩვენ გვაქვს მოცემული დრო სინანულისა და ღმერთმა ინებოს, რომ ეს მარხვა სინანულში გავატაროთ, რათა აღდგომას სიხარულით შევხვდეთ”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.