ორივეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სერიოზულია. ორივე პაციენტს აქვს ისეთი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ჭრილობებს. რამდენადაც ვიცი, ორივე არასრულწლოვანია, – ამის შესახებ “გორმედის” ექიმმა მერაბ მაისურაძემ გორში დაჭრილი მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე მათგანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
“შემოსულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც აღენიშნებოდათ მრავლობითი ჭრილობები სხეულის არეში. ორივეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სერიოზულია. სასწრაფო წესით ჩატარდა წინა საოპერაციო კვლევები, ორივენი ავიყვანეთ საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპზე ორივეს მდგომარეობა მძიმეა, საყურადღებოა. იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში.
ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და დღეს ან ხვალ იგეგმება პალატაში გადაყვანა. ორივე პაციენტს აქვს ისეთი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ჭრილობებს. რამდენადაც ვიცი, ორივე არასრულწლოვანია”, – განაცხადა ექიმმა მერაბ მაისურაძემ.
გორში 23 თებერვალს ორი ახალგაზრდა დაჭრეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ორი სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.