ვინც დღეს აქ მოვიდა და მიკიბულ-მოკიბული ენით რუსეთი ვერ ახსენა, ის არ არის ამ ადამიანების სულის წრფელი მეხოტბე და ერთგული, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ დღეს საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელია, მებრძოლი ადამიანების დამსახურებაა.
“ვინც დღეს აქ მოვიდა და მიკიბულ-მოკიბული ენით რუსეთი ვერ ახსენა, ის არ არის ამ ადამიანების სულის წრფელი მეხოტბე და ერთგული, იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდები, ეს ადამიანები, ვინც ტაბახმელაზე და კოჯორში იბრძოდნენ ბოლომდე, ისინი იბრძოდნენ და არ დაუთმიათ ქვეყანა, კი არ დაუჩოქავთ, იდგნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ერთმანეთს ეფარებოდნენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. დღეს ჩვენ თუ თავისუფალი და დამოუკიდებელი ვართ, სწორედ იმ ბრძოლის და იმ შემართების მემკვიდრეები ვართ, რამაც დღემდე მოგვიყვანა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.