არა მხოლოდ 20 ივნისის დაზარალებულებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის პრეცედენტია, როდესაც ჩვენ ვასაჩივრებთ და ეს საქმე დიდ პალატაში განიხილება, – ამის შესახებ 20 ივნისს დაზარალებულმა მაკო გომურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ ბრძოლას აქვს აზრი.
“არა მხოლოდ 20 ივნისის დაზარალებულებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის პრეცედენტია, როდესაც ჩვენ ვასაჩივრებთ და ეს საქმე დიდ პალატაში განიხილება.
ჩვენ გვინდა, რომ რაზეც წინა დასკვნაში არ ჰქონდათ ყურადღება გამახვილებული, ამაზე იყოს დეტალურად ყურადღება გამახვილებული. რამდენად აღიარებს ჩვენი მთავრობა მათ გადაწყვეტილებას, არ ვიცით, მაგრამ როგორც გითხარით, უკვე პრეცედენტულია ეს შემთხვევა და საჭიროა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩვენი სასამართლო არ წყვეტს ყველაფერს და არ ეუბნება ადამიანებს სიმართლეს. ერთადერთი ბერკეტი, რაც ჩვენ გვიჭირავს ხელში, ერთადერთი, რაც გაგვაჩნია არის ის, რომ კანონის ძალით ვიბრძოლოთ და რისი საშუალებაც გვაქვს, ბოლომდე მაინც მივიყვანოთ. თუ არ მოგვცემენ ამის საშუალებას, ადამიანებს მაინც დავანახოთ, რომ ბრძოლას აქვს აზრი”, – განაცხადა მაკო გომურმა “ტვ პირველთან”.
დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში 20 ივნისის საქმეებზე ზეპირი მოსმენა იმართება.