spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არჩილ გამზარდია – აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან დუმილი და იგნორირება “ქართულ ოცნებას” უფრო გააშარჟებს, ვიდრე რამეში წაადგება

ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არ ნელდება. მიუხედავად გაზრდილი ჯარიმებისა და დაკავებებისა, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი დანებებას არ აპირებს. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ეს არ არის მოსახლეობის დიდი ნაწილის პროტესტი, შესაბამისად, ოპოზიციის მოთხოვნა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, არ იქნება დაკმაყოფილებული.

ოპოზიცია კი ბრძოლას აგრძელებს. 25 თებერვალს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც იგივე მოთხოვნები იქნა წამოყენებული. მათი თქმით, მარტი კიდევ უფრო დატვირთული და პოლიტიკურად აქტიური იქნება. ხელისუფლებაც გულზე ხელის დაკრეფას არ აპირებს და კანონებს კიდევ უფრო ამკაცრებს.

რა პოლიტიკური მოცემულობაა ახლა ქვეყანაში შექმნილი და რას შეძლებს ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია? ამ და სხვა საკითხებზე Front News-სთან ინტერვიუში პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი არჩილ გამზარდია საუბრობს.

– ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტი არ ჩერდება და ჩვენ ვიხილეთ 25 თებერვალს გამართული აქცია. ასევე იგეგმება მარტშიც აქციები. თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არ არის ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის პროტესტი და ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის 1%-ის გამოყვანასაც კი ვერ ახერხებს ქუჩაში. რა აზრი აქვს ამ აქციებს და რა დატვირთვა შეიძინა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის? 

– ეს აქციები, რომელიც უკვე ამდენი ხანია, მიმდინარეობს, მინიმუმ საზოგადოების პოზიციას აჩვენებს. პროტესტის შინაარსში ყოველთვის შეიძლება ამოიკითხოს ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობა. ბუნებრივია, როცა ვსაუბრობთ, როგორ შევამოწმოთ ხალხის განწყობა. აქ თავების დათვლის პრინციპზე არ არის ლაპარაკი, დაახლოებით რა მასის ნაწილი შეიძლება პროტესტის მონაწილე იყოს. სინამდვილეში მონაწილეების რაოდენობა ბევრზე მრავლდება.

უკმაყოფილო ადამიანები დემოკრატიულ სახელმწიფოებსაც ჰყავს, ხოლო როცა ადამიანები საკუთარი უსაფრთხოების მიღმა აღმოჩნდებიან, საფრთხეს იქმნიან და საკმაოდ რთულად გადააქვთ ხელისუფლების მათ მიმართ ბრძოლა, ეს ნათლად აჩვენებს ხალხის განწყობას. ამიტომ ამას ყოველთვის ბუნებრივია, აზრი აქვს. მეტ-ნაკლები დემოკრატიის ქვეყანაში, ასეთი აქციები გამოიყენება იმისთვის, რომ ხელისუფლება პროცესში დროულად ჩაერთოს, რაღაცა კომპრომისული გადაწყვეტილებები იპოვოს. ევროპულ ქვეყნებში ასეთ პროტესტს ყოველთვის მოაქვს შედეგი და ხელისუფლება რაღაცაზე მიდის. თუმცა როცა აქ უკვე საქმე გვაქვს დიქტატის მაღალ განზომილებასთან, ამ შემთხვევაში შედეგობრივი ასახვა არ ხდება. აქ უკვე ხალხსა და ხელისუფლებას შორის მიტინგი ფრონტის ხაზად არის ქცეული.

– მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციებზე ჟღერდება პოლიტიკური მოთხოვნა და საუბარია ახალი არჩევნების ჩატარებაზე, როგორც ხელისუფლება, ასევე თავად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისგანაც ისმის კითხვა, რატომ არ არიან ამ აქციებში პოლიტიკოსები უფრო ღიად და აქტიურად ჩართულები. როგორ შეიძლება ისმოდეს აქციებზე პოლიტიკური მოთხოვნები, პოლიტიკოსების გარეშე. რას ვერ აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ამ საპროტესტო მუხტმა უფრო  მასობრივი სახე მიიღოს. ხელისუფლება ამბობს, რომ მას მილიონ ნახევარი კაცი უჭერს მხარს და მხოლოდ რამდენიმე ათასი კაცის გამო არჩევნებს ვერ დანიშნავს…

– რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული ნაწილი და სწორედ ამაშია პრობლემა, რის გამოც ვერ ხერხდება იმის  მიღწევა, რაც ხალხს სურს. სამოქალაქო აქტივიზმი პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი ნაწილია. ეს მხოლოდ თვითკმარ ფუნქციას ასრულებს და ვერ გადაფარავს სხვა საჭიროებებს. მან შეიძლება შექმნას განწყობა, მაგრამ ვერ შექმნის საკმარის პოლიტიკურ პროცესს, თუ ამაში პოლიტიკოსები არ იქნებიან ჩართულები. აქ ჩვენთან უკვე პრობლემა ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები პოლიტიკური აქტივისტები თავად გახდნენ, მაგრამ პოლიტიკური შინაარსი დაკარგეს. პოლიტიკოსებმა ეს სამოქალაქო აქტივიზმი უნდა გააგრძელონ  და პოლიტიკურ კონტექსტში გადაიყვანონ. თავისი როგორც პოლიტიკოსის ფუნქცია კი არ უნდა შეამციროს ამ სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულმა, არამედ პირიქით, თავისი როლი უნდა გაზარდოს. ეს იქნება საკუთარი რეპუტაციის გაძლიერება, ჩვენ მოსახლეობაში ნდობის და უფრო  მეტი რწმენის გაღრმავება მათ მიმართ.

ახალი სახეების წინ წამოწევა და გამოჩენა. პროტესტი ყოველთვის ბადებს ახალ სახეებს, რომლების პოლიტიკური გონების მატარებლები არიან. შემდგომ გააგრძელონ როგორც საქართველოს მიღმა ურთიერთობები, ასევე ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან ჩართულობა. თუმცა ჩვენი პოლიტიკური ჯგუფები, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს შრომობენ, ისე არ სხედან, მაგრამ ისინი მოსახლეობაში რეპუტაციის ზრდას ვერ ახერხებენ. მაგალითად, როგორც სააკაშვილმა და ჟვანიამ გააკეთეს. როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, მათ შეასრულეს სამოქალაქო აქტივისტების ფუნქცია, არადა პოლიტიკურ ლიდერებად იქცნენ. ოპოზიცია ხალხში ნდობის გაძლიერებას ვერ ახერხებს. რაც გინდა ამ არჩევნების გაყალბების კოეფიციენტს მივათვალოთ, მაინც ვნახავთ, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია. ეს ხმებიც, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს მიიღეს, მიიღეს იმიტომ, რომ ხალხმა ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა ხმა და არა ოპოზიციის მხარდაჭერის მოტივით. ამიტომ ოპოზიციური პარტიების კრიზისიც გვაქვს.

– ოპოზიციის გაერთიანების და დიდი ერთობის იდეაზე რას ფიქრობთ. ბოლო დროს ამაზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხშირად საუბრობს. ამბობს, რომ ამ დიდ ერთობას სათავეში მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა ჩაუდგეს. არის ეს ამ კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა?

– გვახსოვს “ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა მაშინ, როდესაც მას წინააღმდეგობას ერთი პოლიტიკური სუბიექტი უწევდა, რომელიც დიდი გაერთიანებისგან იქნა შექმნილი. ამიტომ ასეთ პირობებში, როდესაც ძალიან პოლარიზებულია ჩვენი საზოგადოება, შესაძლოა, მომგებიანი ერთი პოლიტიკური სუბიექტის მეორესთან შერკინება უფრო იყოს, ვიდრე ასე ხმების სხვადასხვა პარტიებზე გაბნევა. მეორე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ “ნაცმოძრაობის” იარლიყს გადააფარებს თუ არა ხელისუფლება ყველას და აქედანაც პოლიტიკურად მოგებას ეცდება, რა სერიოზული განსჯა და დაკვირვება უდევს წინ გაუგებარია.

მე ვფიქრობ, რომ ასე მარტივად არ არის საქმე. ხელისუფლება ისედაც ცდილობს ოპოზიციის ამ “ნაცმოძრაობის” ქოლგის ქვეშ შეყვანას. ასევე ამომრჩევლის რაღაცა ნაწილმა უკვე გადალახა ეგ ბარიერი, რომ ემად ვიღაცამ ნაცი არ დამიძახოს. მე ვფიქრობ, ეს ფორმულა მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა პოლიტიკური მოხელეები ამბიციებს რამდენად დათმობენ. ამბიციების დათმობა ნიშნავს იმას რომ პოლიტიკური ელიტების შიგნით ცვლილება უნდა მოხდეს. ანუ ის პირები, რომელთა მიმართაც გაშავების პროპაგანდა უფრო მეტ ნიადაგს ქმნის, ჩაანაცვლონ იმ სახეებმა, რომელთა გაშავება ასე მარტივად ვერ გამოვა.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი დიდი ერთობა სულ ორჯერ შედგა. ეს იყო მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს და ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს. დავაკვირდეთ, აქაც ისევ სხვა პრობლემასთან მივდივართ. ორივე შემთხვევაში გამოკვეთილი ლიდერები იყვნენ. ჩვენთან რომ ახალი მიდგომა აქვთ, პოლიტიკური ლიდერები არ გვინდა, არასწორია. პოლიტიკური ბელადები არ გვჭირდება, თორემ როგორ შეიძლება პოლიტიკურ პროცესს ლიდერი არ ჰყავდეს, ვისი ავტორიტეტი და პოლიტიკური ალღო მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს თუ გადავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ ეს პოლიტიკური ლიდერები უბრალოდ არ არსებობენ.

– ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის ბრძოლას ასევე ქვეყნის გარეთაც. ოპოზიციური ლიდერები ცდილობენ დასავლეთში არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს ხელისუფლების წინააღმდეგ. ზეწოლა მუდმივი სახის იყოს. თუმცა ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სრულიად შეცვლილ პოლიტიკას და უკრაინის ომთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომლის თანასპონსორი საქართველო იყო. ცდილობს ახლა “ოცნება“ ახალ ადმინისტრაციასთან პოლიტიკის თანხვედრით დასავლეთის იზოლაციისგან თავის დაღწევას? 

– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების და ტრამპის შეტყობინებები ერთმანეთს ნამდვილად ჰგავს, თუნდაც უკრაინის ომის საკითხთან და სხვა თემებთან მიმართებაში, მაინც არ მგონია, რომ ახლა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ჩვენთვის ეცალოს. ტრამპი სრულიად სხვა გლობალურ პრობლემებზეა გადართული. ამიტომ ამ პროცესში საქართველოს მისთვის საინტერესო იყოს, ეს ამ წუთისთვის არარეალურია. კი ბატონო, საქართველოს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გააჩნია მნიშვნელობა, მაგრამ რანგობრივად ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა, მე-3, მე-4 რიგშია. სხვა შემთხვევაში ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე გამოხმაურება მაინც იქნებოდა.

– ოპოზიციის აზრი მომისმენია,  რომ პირიქით, შესაძლოა, “ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს აწყობდეს ეს მოცემულობა, როცა ტრამპის ინტერესში საქართველო ჯერ არ შედის. რაც უფრო დროში გაიწელება ეს სიტუაცია, ისინი ამით პოლიტიკურად უფრო მოიგებენ. ეს ვერსია რეალურად მიგაჩნიათ? 

– მე ასე ბოლომდე არ ვფიქრობ და ამ ვერსიასაც არ ვიზიარებ. ჩვენ ვნახეთ გაეროში შეტანილ რეზოლუციას საქართველომ როგორ დაუჭირა ამერიკის ვერსიას მხარი და თანასპონსორიც კი იყო. ეს იყო „ოცნების“ მხრიდან მცდელობა, რომ იქნება ვინმემ შეამჩნიოთ. ყურადღება უფრო  მეტად მიაქციონ. მოცემული მომენტისთვის, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან ამ ეტაპზე ის რაც ბაიდენმა დატოვა არ შეცვლილა. ელჩის დუმილი ნიშნავს იმას რომ ეს პოლიტიკა გრძელდება. ამიტომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დუმილი და იგნორირება ჩვენი ხელისუფლების, “ოცნებას” უფრო გააშარჟებს, ვიდრე რამეში წაადგება.

ამიტომ ცდილობს ჩვენი ხელისუფლება გამოჩნდეს, რადგან იქ მერე რომელიმე ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა რაღაცა თქვას. ეს კი “ოცნებას“ მისცემს საშუალებას ქვეყნის შიგნით გაყიდოს. ვიღაცამ სადღაც რომ ახსენოთ, ეგეც კარგი იქნება. ასე დიდი ხანი თუ არ შეიმჩნიეს „ოცნება“, მე მგონი ეს ის იგნორი არაა, რომელიც ივანიშვილს უნდა. თუკი ახლა რაიმე ხელისუფლების სასარგებლო განცხადება ტრამპის ადმინისტრაციისგან გაკეთდება და მერე გაიყინება პროცესი, ეს კარგი იქნება. აი, ასეთი იგნორი მისაღებია.

– გამოდის, რომ ქვეყანა და ხალხი სადღაც ვართ გაჩხირული. არც აშშ-ის ადმინისტრაცია აკეთებს ჯერჯერობით რაიმე განცხადებას და არც ევროკავშირი ცვლის ამ ეტაპზე რიტორიკას. ვინ რას ელოდება და რა რეალობაში ვართ ახლა აღმოჩენილი?

– ახლა რა რეალობაშიც აღმოჩნდა ქვეყანა, უკვე რამდენიმე წლის წინ დაიწყო აქეთკენ ხელისუფლებამ სვლა. თუ გადახედავთ ჯერ კიდევ ღარიბაშვილის პრემიერობის დროინდელ განცხადებებს და მის ვიზიტებს, ალიევთან, ერდოღანთან, სხვა მეზობლებთან, ნახავთ, როგორ ნელ-ნელა ხდებოდა ჩვენი დასავლეთთან დაშორება. „ოცნება“ უკვე ავტორიტარულ ქვეყნებთან დამეგობრებისთვის ემზადებოდა მათი სახით ჩანაცვლებაზე. “ოცნებას” უბრალოდ უნდოდა ევროკავშირს ქვეყანა იმ მოცემულობით მიეღო, რაც გაძლიერებული ავტორიტარული ქვეყნების რეჟიმს აქვს. რადგან ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ დაიწყო ალტერნატივის ძიება. ეს ყველაფერი გაძლიერდა და ბოლო პერიოდში უფრო გამყარდა. “ოცნება“ დემოკრატიულ სამყაროსთან აღარ ურთიერთობს. ურთიერთობებს ავტორიტარულ ქვეყნებთან. თუკი ესენი ალიევის და ერდოღანის მმართველობის სტილის აღებას ცდილობენ, ძალიან ცდებიან. ამ ლიდერების გონიერება, პოლიტიკური ალღო და მოქმედება,  რადიკალურად მაღალი და დახვეწილია.

ელზა პაპოშვილი 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები