საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.
პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულო აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა.
კანონპროექტი სხდომაზე განსახილველად კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა უმეტესი ნაწილი უცხოეთიდან და უცხო ქვეყნის ორგანიზაციებიდან ფინანსდება, სამწუხაროდ, ახორციელებენ არა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, არამედ იმ ქვეყნების და ორგანიზაციების ინტერესებს, რომელთა მიერაც ისინი ფინანსდებიან.
“მცირე მოცულობის კეთილ საქმესთან ერთად, ე.წ. მდიდარი NGO-ები ჩვენი ქვეყნისთვის ანტიდემოკრატიულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ. ეს ყველაფერი გაცხადდა ე.წ. USAID-ის სკანდალის ფონზე, როდესაც პირდაპირ დადასტურდა ყველა ის ეჭვი, რაც ჩვენს ხელისუფლებას უკვე რამდენიმე წელია აქვს.
სწორედ ამის გამო იყო ჩვენს ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოღებული, თუმცა ეს არ აღმოჩნდა პრევენციულად საკმარისი, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის ყოფილიყო ეს ფინანსები გამოყენებული, არამედ, პირიქით – ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ მიზნებს ხმარდებოდა თანხები, რომელიც უცხოეთიდან შემოედინებოდა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მან დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში წარმოდგენილი ცვლილებების არსზე.
კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქცია საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებს.
კანონპროექტით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები უფლებამოსილი იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც მათთვის საინტერესოა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის სავალდებულოობა აღარ იარსებებს.
ამავე პროექტით ახლებურად ყალიბდება ცესკოს წევრის არჩევის პროცედურა. მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით იხვეწება დღეს არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც არჩეულად ითვლება ცესკოს წევრობის ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამმა მეხუთედმა.
“კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა – პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და სხვა. გარდა ამისა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას. შესაბამისად, გონივრულია აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი გავრცელდეს ცესკოს წევრის არჩევის წესზეც. აქედან გამომდინარე, პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ცესკოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს რეგლამენტში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები არიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.