ნერვების ომია, ამ ნერვების ომში ვინ უფრო დიდხანს და მაგრად გაძლებს, იმას დარჩება გამარჯვება, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება საბჭოთა კავშირში აბრუნებს ქვეყანას.
“ნერვების ომია, ამ ნერვების ომში ვინ უფრო დიდხანს და მაგრად გაძლებს, იმას დარჩება გამარჯვება. რეჟიმს აქვს ერთადერთი გამოსავალი – უკან არ დაიხიოს, არცერთი მიმართულებით არ აჩვენოს სისუსტე, თორემ სხვაგვარად მისი აღსასრული არის გარდაუვალი, მაგრამ ეს არის მეორე გზა, რომელიც არანაკლებაა მიმავალი დასასრულისკენ.
ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირში გვაბრუნებენ, სადაც გვეუბნებიან, რომ ოპოზიციას ან გავაუქმებთ, ან დავიჭერთ. ამდენი ხანია, ასეთი რამ არ მინახავს, რომ ხელისუფლება გამოსულიყო და ეთქვა, რომ აი, ეს არის ოპოზიციაო, დაგვცინიან. ოპოზიცია დაგვინიშნეს, არასამთავრობო ისეთი მეყოლება, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებსო, ანუ თავდაყირა აყენებს ყველაფერს. ტელევიზიებზე ამბობენ, ესენი გვაკრიტიკებენ და ამიტომ, რეგულაციას შემოვიღებთ და კრიტიკის ნაკლები საშუალება ექნებათ ტელევიზიებსო.
საშინელება მოხდა გურიაში და ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, ისინი კი ამაზე არიან აღშფოთებული, როგორ გვაკრიტიკებენო. ოპოზიციის არსებობის აზრი იმაშია, რომ მან უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.