spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“თქვენ მარტო არ ხართ” – ზელენსკი-ტრამპის კამათის ფონზე ევროპა უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა უკვე გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მოხდა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაპირისპირების შემდეგ.

ამერიკისა და უკრაინის ლიდერებს შორის დაპირისპირების შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინელები მარტო არ არიან.

“ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელ მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ“, – წერს ტუსკი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტრამპსა და ზელენსკის შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

“ევროპული ქვეყნები და სხვა მოკავშირეები სამართლიანად დაეხმარნენ უკრაინას სამი წლის წინ, რუსეთისთვის სანქციების დაწესება სწორი გადაწყვეტილება იყო და მათ გაგრძელებაც აუცილებელია. მნიშვნელოვანია პატივი ვცეთ მათ, ვინც ომის დაწყებიდანვე იბრძვის საკუთარი ღირსებისთვის, უფლებებისთვის და ევროპის უსაფრთხოებისათვის”, – განაცხადა მაკრონმა.

უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს შვედეთი.

“შვედეთი უკრაინის გვერდით დგას. თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისთვის. დიდება უკრაინას!” – წერს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი სოციალურ ქსელში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

გერმანიის CDU-ს ლიდერის მოადგილემ იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინას არ უღალატებს.

“კადრები თეთრი სახლიდან გადაღებული შოკის მომგვრელია. ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტს ასე როგორ ურტყამთ ზურგში? თავისუფალი ევროპა არ უღალატებს უკრაინას!”, – აღნიშნა მან.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი შეუერთდა ევროპელი ლიდერების სიას, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ.

“უკრაინა, ესპანეთი თქვენთან არიან”, – აღნიშნა პრემიერმა.

Sky News-ის ცნობით, ბრიტანეთის პოზიცია “უცვლელი რჩება” ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ.

გამოცემის წყაროს თქმით, ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია “ურყევია სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერაში, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“.

მან ასევე, გაიმეორა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის პოზიცია, რომ “უკრაინის გარეშე უკრაინაზე მოლაპარაკებები არ შეიძლება” და აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა შეასრულოს თავისი როლი თავდაცვის საკითხში და “გაძლიერდეს”.

შეხვედრას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ეხმაურება.

“ტრამპმა და ვენსმა უღირსი სპექტაკლი მოაწყვეს. მრცხვენია ამ საქციელის. აშშ უკეთესს იმსახურებს. თავისუფალმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. ვიყავი და ახლაც ვარ ზელენსკის გვერდით”, – წერს ბორელი.

ტრამპი-ზელენსკის შეხვედრას გამოხმაურებები მოჰყვა აშშ-იც.

ამერიკელმა სენატორმა ადამ შიფმა ტრამპს მშიშარა, ზელენსკის კი გმირი უწოდა.

“დღეს ოვალურ კაბინეტში ერთმანეთს გმირი და მშიშარა შეხვდნენ და როდესაც შეხვედრა დასრულდა, გმირი ბრუნდება სახლში, უკრაინაში”, – წერს სენატორი.

დღევანდელი საშინელი წარმოდგენა დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის მხრიდან სამარცხვინო და სრულიად არაამერიკული იყო, – ასე ეხმაურება სენატორი ჯინ შაჰინი ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას.

“კიდევ ერთხელ, მათ მხარი დაუჭირეს მკვლელ ტირანს, პუტინს, ჩვენი დემოკრატიული მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ. მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

“რა სირცხვილია ამერიკისთვის. მთელი ეს სამწუხარო სცენა”, – წერს დემოკრატი სენატორი კრის მერფი დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

“აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ პრეზიდენტ ზელენსკით. ბიჭს ყვ**ები აქვს. ის შევიდა ოვალურ კაბინეტში და წინ აღუდგა რუსეთის საუკეთესო მომლაპარაკებლებს”, – წერს ამერიკელი სენატორი ერიკ სვოლველი.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის ჯონ ბოლტონის თქმით, “ტრამპმა და ვენსმა გამოაცხადეს, რომ რუსეთის მხარეს არიან რუსეთ-უკრაინის ომში”.

“ეს არის კატასტროფული შეცდომა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. და მოდით განვმარტოთ: ტრამპი და ვენსი ახლა პირადად ფლობენ ამ პოლიტიკას. ეს არ არის ამერიკელების უმრავლესობის აზრი, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა”, – წერს ბოლტონი.

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტები თეთრ სახლში დღეს შეხვდნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკის და ტრამპს შორის კამათი დაიწყო, რაც უკრაინის ომს ეხებოდა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა, რომ უკრაინაში ომი არ დასრულებულა არც ბარაკ ობამას, არც დონალდ ტრამპის და არც ჯო ბაიდენის დროს. ამან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის და შემდეგ ტრამპის მწვავე რეაქცია გამოიწვია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები