პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ ის თავის მოკავშირეებს 2 მარტს ლონდონის სამიტზე მიმართავს.
“ეს იქნება ყველა ევროპული სახელმწიფოს ზრახვებისა და შესაძლებლობების რეალური გამოცდა, რომ ევროპელი მოკავშირეების ჯარები იმყოფებოდნენ ფინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში – რუსეთისა და ბელორუსის საზღვრებზე”, – განაცხადა ტუსკმა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთს უნდა ჰქონდეს „დამატებითი სადაზღვევო პოლისი“ ქვეყნისა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების სახით. მისი აზრით, ევროპამ “უნდა აიღოს დიდი პასუხისმგებლობა კონტინენტის უსაფრთხოებაზე“.
“ეს პარადოქსია, ნახეთ, როგორ ჟღერს: 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს სთხოვს, დაიცვას ისინი 140 მილიონი რუსისგან. თუ შეგიძლიათ დაითვალოთ, მაშინ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ”, – განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს იტალიის პრემიერ-მინისტრის წინადადებას ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების სამიტის მოწვევის შესახებ.