“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებლის გიორგი რუხაძის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარი საარჩევნო და პოსტსაარჩევნო დაპირება იყო უკრაინა-რუსეთის ომის სწრაფად დასრულება, რაც მან ვერ შეძლო.
მისივე თქმით, როდესაც რუსეთთან შეხვედრა გაიმართა, აშკარა გახდა, რომ მშვიდობა და ომის შეწყვეტა ასე მარტივად ვერ მოხერხდებოდა.
“თუ გავაანალიზებთ მოვლენებს, ნათლად ჩანს, რომ ტრამპი იმდენად შევიდა ამ როლში და იმდენად აღმოჩნდა საკუთარი დაპირების მძევალი, რომ ორ დღეში ომის სწრაფად დასრულების დაპირება მისივე წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო რიტორიკის ნაწილი გახდა.
როდესაც რუსეთთან შეხვედრა გაიმართა, აშკარა გახდა, რომ მშვიდობა და ომის შეწყვეტა ასე მარტივად ვერ მოხერხდებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ დაასახელა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში რუსეთი მზად იქნებოდა კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა ეს პირობები რეალურად შეუსრულებელია.
თუ გადავხედავთ გუშინწინდელ პრესკონფერენციას, რომელიც დრამატული ფინალით დასრულდა, ვნახავთ, რომ მთავარი უთანხმოების საგანი არ ყოფილა მინერალების შესახებ შეთანხმება, არამედ ის, თუ რა პირობებით უნდა დამყარებულიყო მშვიდობა – მშვიდობა ნებისმიერ ფასად თუ მშვიდობა ძლიერი უსაფრთხოების გარანტიებით.
რეალურად, როდესაც საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე დაიწყო, ტრამპმა ვერ წარმოადგინა კონკრეტული გარანტიები და მხოლოდ საკუთარი თავი დაასახელა მთავარ გარანტორად, იმ არგუმენტით, რომ ის ძლიერი პრეზიდენტია და პუტინი მას პატივს სცემს.
საბოლოო ჯამში მივედით იმ ვითარებამდე, რომელიც ყველამ ვიხილეთ. ეს საკმაოდ ლოგიკური შედეგი იყო და ასახავს იმ უთანხმოებას, რომელიც ამ პროცესის გარშემო არსებობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ მშვიდობა ვერ იქნება მიღწეული უკრაინის მხრიდან სერიოზული დათმობების ხარჯზე და არ არსებობს ძალა, რომელიც მას დააშინებს ან აიძულებს, დათანხმდეს მისთვის მიუღებელ მშვიდობის პირობებზე”, – განაცხადა რუხაძემ.
მისივე თქმით, რადგან მოკლე გზით მშვიდობა არ გამოდის და ფაქტია, რომ არ გამოდის, მეორე, გრძელი გზა გადის იმაზე, რომ რუსეთს მოუწიოს დათმობები, თუმცა, იგი დღევანდელ რეალობაში არაფერს თმობს და დათმობს მხოლოდ მაშინ, თუ საბრძოლო თეატრში ვითარება შეიცვლება და უკრაინას უპირატესობა ექნება.
“ამ უპირატესობის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ორი კომპონენტით: პირველი – ძალიან მძიმე ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე და მეორე – უკრაინისთვის მეტი შეიარაღების მიწოდება. ეს არის გრძელი გზა. ამერიკის შეერთებული შტატები, შესაძლოა, იძულებული გახდეს, წავიდეს სწორედ ამ გრძელ გზაზე.
მთავარი ისაა, რომ ევროპამ სწორი დიაგნოზი დასვა – დაინახა, რომ ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღოს და რესურსები დახარჯოს, რათა დამოუკიდებლად შეძლოს რუსეთის შეკავება. თუმცა, ეს უნდა მოხდეს არა იზოლირებულად, არამედ აშშ-სთან შეთანხმებით.
საბოლოო ჯამში, მე მგონია, რომ ევროპა სწორ მიმართულებით მოძრაობს, თუმცა, ამ ყველაფერს, პოლიტიკურ ნებასთან ერთად, დრო სჭირდება”, – განაცხადა რუხაძემ.