ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ.
მოქალაქეები ქუჩაში რამდენიმე მოთხოვნით გამოდიან – შეხვედრა მთავრობასთან; ინვესტორის წასვლა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღება; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას; დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება.
ერთ-ერთი მაღაროელის თქმით, მაღაროელების მოთხოვნაა, რომ კომპანია სახელმწიფომ გადაიბაროს და სახელმწიფო მმართველობაში გადავიდეს.
“ჩვენი მოთხოვნაა, რომ კომპანია სახელმწიფომ გადაიბაროს და სახელმწიფო მმართველობაში გადავიდეს. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, უნდა დაიწყოს ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმიდან გაყიდული წილიდან ჩამოყალიბდეს ფონდი, რომელიც მოხმარდება მომავალ თაობას. ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია და როდესაც ახალგაზრდა მოსახლეობა დარჩება, მათ ფონდში იყოს ეს თანხა, რომ მომავალში მათ ელემენტარული, სწავლის საშუალება ჰქონდეთ.
ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, რომ მუნიციპალიტეტში იყოს უფასო მგზავრობა. ჭიათურაში დღეს 37 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 1/3 სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული, მაშინ როდესაც ამხელა სიმდიდრეა ჭიათურაში. უკიდურესი ეკონომიკური კრიზისია. ადამიანებს სამკურნალო ფული არ გააჩნიათ. იმის საშუალებაც კი აღარ აქვთ, რომ მგზავრობის თანხა გადაიხადონ და ნორმალური კვლევები ჩაიტარონ.
რაც შეეხება მოსახლეობას, რომლებიც ამ მანგანუმის მოპოვების შედეგად ენგრევათ სახლები, უზიანდებათ ადგილები, მათი კონპესირება მოხდეს ზუსტად ისე, როგორც მათი სახლი ან ნაკვეთი ღირს და არა ისე, როგორც კომპანიას და ინვესტორს უნდა, რომ იაფად გამოვიდნენ მაქინაციებით.
ჭიათურა არის ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეც. ღია კარიერული წესით მოპოვებული მადნის საშუალებით ხდება ეკოლოგიური კატასტროფა, აღარ არსებობს ტყე, მინდორი, ნადგურდება მწვანე საფარი. არ აკეთებენ მის მოსწორებას, რომ ეს ნაკვეთები თავიდან მოსავლიანი გახდეს. ჩვენ 23 იანვარს დავაყენეთ საკითხი ჭიათურის თვითმმართველობასთან, რომ შევხვედროდით გუბერნატორს, რომელიც არ შეგხვდა. მის მერეც კი არ ვუნახივართ. ამ საკითხებზე გვინდა საუბარი მთლიანად ხელისუფლებასთან, რომ ვანახოთ, ასეთი საინვესტიციო პოლიტიკა ეკონომიკას კი არ ზრდის, აზიანებს”, – განაცხადა სიმონ მიქაცაძემ.