წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ მაღლაკის კულტურის სახლში “აზდაკის ბაღის” ინტეგრირებულმა თეატრმა ნოდარ დუმბაძის “HELLADOS”-ის მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა.
სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, მაღლაკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ვაჟა ჟორჟოლიანი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლიკა გუგუსიანი ესწრებოდნენ.
ინტეგრირებული თეატრის “აზდაკის ბაღის” წარმოდგენა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებმა ნახეს.
ინტეგრირებული თეატრი “აზდაკის ბაღი” 2016 წელს დაარსდა. დასი 20-მდე ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აერთიანებს. ინტეგრირებული თეატრის მიზანია შშმ პირებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან თეატრით, თავიანთი ძალები სამსახიობო ხელოვნებაში გამოცადონ, პროფესიონალი მსახიობების გამოცდილება გაიზიარონ და საყვარელი საქმიდან შემოსავალიც მიიღონ.