“ლიდერთა ბანაკი 2025” დასრულდა. ახალგაზრდების ბოლო ნაკადმა ბაკურიანი დღეს დატოვა.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი ბაკურიანის ბანაკს გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან რამაზ შიოშვილთან ერთად სტუმრობდა. მათ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და ახალგაზრდების დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი “ახალგაზრდა ლიდერები 2025” გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის თანამშრომლობით განხორციელდა.
მიმდინარე წელს ბანაკმა 15-დან 29 წლამდე ასაკის 80 ახალგაზრდას ორ ნაკადად უმასპინძლა.
ახალგაზრდები ესწრებოდნენ ტრენინგებს სასკოლო თვითმმართველობის განვითარების, პროექტის წერისა და პრეზენტაციის, სოციალური აქტივიზმის, ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენციების, ინოვაციური ტექნოლოგიების, სტარტაპებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ. გარდა შემეცნებითი აქტივობებისა, ისინი ჩართულები იყვნენ სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებშიც.
პროექტის მიზანი იყო ლიდერული თვისებების განვითარება, პროექტების წერისა და მართვის შესწავლა, საგრანტო პროექტების მოძიება და მათი პრიორიტეტების განსაზღვრა.