spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“მოვუწოდებთ “ჯორჯიან მანგანეზს”, დაუყოვნებლივ ჩაურიცხოს მაღაროელებს კუთვნილი შრომის ანაზღაურება”

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს “ჯორჯიან მანგანეზს”, დაუყოვნებლივ ჩაურიცხოს დასაქმებულებს კუთვნილი შრომის ანაზღაურება, გაასაჯაროოს ფინანსური მონაცემები და შეწყვიტოს მასობრივი გათავისუფლება, – ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული.

ცენტრის განცხადებით, “ჯორჯიან მანგანეზს” მაღაროელებისთვის ამ დრომდე არ გადაუხდია ბოლო ორი თვის კუთვნილი შრომის ანაზღაურება.

“კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული ჭიათურელი მაღაროელები 25-ე დღეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას ითხოვენ, ჭიათურაში შექმნილ სოციალურ კრიზისთან და მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით. დღეს მაღაროელები თბილისში ჩამოსვლას და პროტესტის დედაქალაქში გაგრძელებას გეგმავენ, პარალელურ რეჟიმში აქციები ჭიათურაშიც გაგრძელდება.

“ჯორჯიან მანგანეზს” მაღაროელებისთვის ამ დრომდე არ გადაუხდია ბოლო ორი თვის კუთვნილი შრომის ანაზღაურება, რაც შრომითი უფლებების უხეში დარღვევაა და საგანგაშო პრობლემებს წარმოქმნის მაღაროელების და მათი ოჯახებისთვის. მშრომელების თქმით, ისინი ფაქტობრივად “შიმშილის ზღვარზე” იმყოფებიან.

მაღაროელების სასწრაფო მოთხოვნებია, დაუყოვნებლივ მიიღონ კუთვნილი შრომის ანაზღაურება და ასევე მოლაპარაკებები გაიმართოს ბანკებთან, რათა გათვალისწინებული იქნეს შეღავათები მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით განპირობებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე.

მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს Chiatura Management Company-ის ახლახან გამოცხადებული გადაწყვეტილება, ეკონომიკურ მიზეზებზე (მათ შორის, მანგანუმის ბაზარზე ფასების სტაგნაცია) აპელირებით შეწყვიტოს ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები. აღნიშნული გადაწყვეტილება მასობრივი გათავისუფლების საფრთხის წინაშე აყენებს დაახლოებით 3500 ადამიანს. მასობრივი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მშრომელებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ შრომით უფლებრივ სტანდარტებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

“ჯორჯიან მანგანეზს“ – დაუყოვნებლივ ჩაურიცხოს დასაქმებულებს კუთვნილი შრომის ანაზღაურება, გაასაჯაროოს ფინანსური მონაცემები და შეწყვიტოს მასობრივი გათავისუფლება.

შრომის ინსპექციას – მოახდინოს რეაგირება შრომითი უფლებების დარღვევებზე.

საქართველოს მთავრობას – გადადგას ქმედითი ნაბიჯები ჭიათურაში სოციალური კრიზისის მოსაგვარებლად და მშრომელთა წარმომადგენლებს მისცეს დიალოგში მონაწილეობის შესაძლებლობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები