ჭიათურელი მაღაროელების პროტესტმა თბილისში გადმოინაცვლა. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
მაღაროელები 25 დღეა, დამსაქმებელი კომპანიის მიერ თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებას და კუთვნილი ანაზღაურების არმიღებას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, კომპანიამ 3 620 თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა.
მაღაროელები კონკრეტულ მოთხოვნებს აჟღერებენ, მათ შორისაა ის, რომ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიის მართვაზე.
მაღაროს თანამშრომლების მთავარი მოთხოვნებია – შეხვედრა მთავრობასთან; ინვესტორის წასვლა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღება; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას; დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება.