საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება.
“ჩვენ შევთანხმდით მშვიდობაზე ზღვაზე და თავისუფალ ნავიგაციაზე. ჩვენ მადლობელი ვართ ამერიკული მხარის ამ შედეგისთვის და იმისთვის, რომ ცალკე განვიხილეთ ინფრასტრუქტურის საკითხები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო შეთანხმება უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების აკრძალვის შესახებ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევმა შეერთებულ შტატებს გადასცა სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტების სია, რომლებიც განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ.
“ამერიკულ მხარეს სჯერა, რომ ცაში სიჩუმე ენერგეტიკის მიმართ ასევე ეხება სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ეს უკვე კარგი შედეგია, თუ არ იქნება დარტყმები ენერგეტიკაზე – ეს უკვე ბევრია”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმებზე, რაც მესამე ქვეყნების, კერძოდ თურქეთის ან ევროპელი პარტნიორების ჩართვის საშუალებას იძლევა. ცალკე განიხილეს უკრაინელი სამხედრო ტყვეების, მშვიდობიანი მძევლების და დეპორტირებული ბავშვების დაბრუნების საკითხი.
„ჩვენს განცხადებაში მეხუთე პუნქტი არის ის, რომ ამერიკა დაგვეხმარება ბავშვების, სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნებაში“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავდროულად, უკრაინამ უარი თქვა ერთობლივ დოკუმენტში რუსეთის ფედერაციისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირებაში დახმარების საკითხის შეტანაზე, ეს სანქციების შესუსტებად მიიჩნია.
“ჩვენ არ დავთანხმდით ამას, რადგან ეს ასუსტებს ჩვენს პოზიციებს“, – განმარტა პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ზელენსკი დაინტერესდა, როგორ განხორციელდება მიღებული გადაწყვეტილებები და ამ საკითხზე დეტალებს ელის მინისტრ რუსტემ უმეროვისგან საუდის არაბეთიდან დაბრუნების შემდეგ.
“თავდაცვის მინისტრმა ჰკითხა ამერიკულ მხარეს, როდის შეიძლება ეს ძალაში შევიდეს და მათ მიაჩნიათ, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკული მხარე ოფიციალურად გამოვა განცხადებით, ამ დოკუმენტით მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება დაიწყოს. თუმცა, რუსების დაჯერება არ შეიძლება, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები და ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები ვერ შეძლებს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის სრული მონიტორინგი. მისი აზრით, უკრაინის, შეერთებული შტატების და ევროპელი პარტნიორების აღჭურვილობა საკმარისი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის.
“მაგრამ ჯერ კიდევ არის ტექნიკური საკითხები. ამერიკელები მაღალ ტექნიკურ დონეზე არიან, რომ ბევრი რამ დაინახონ ზღვაზე და ცაში. ბოლოს და ბოლოს, როდესაც რაკეტა დაფრინავს, ამერიკული თანამგზავრები, ამერიკელები ამას ხედავენ და იციან”, – აღნიშნა მან.