სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით დაგეგმილი, გასვლითი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი შედგა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სახელმწიფო რწმუნებულს მიმდინარე წლის მანძილზე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები ანგარიშის სახით წარუდგინა.
ასევე, განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს მერიის სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმაც.
საუბარი შეეხო, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, ონის მუნიციპალიტეტში ქალაქისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, ეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. შენობები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და მათი უსაფრთხოებისთვის დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებს.
წარმატებით ხორციელდება ქალაქ ონში აგრარული ბაზრის მშენებლობის (მე-2 ეტაპის) სამუშაოები, პროექტის ფარგლებში ეწყობა ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორია, აშენდა ღია და დახურული სავაჭრო ფართები, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები, რომელიც შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.
ტურიზმის განვითარების მიზნით, ონის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის გზის უზუნთა-საჩხერე-შქმერი-ონის მონაკვეთზე გადასახედის მოწყობის მიზნით, გაფორმდა ხელშეკრულება პროექტის შემსრულებელთან, კლიმატური პირობების დადგომისთანავე დაიწყება სამუშაოები.
ხორციელდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რაზეც 500 000 ლარზე მეტი იხარჯება. აღნიშნული მიმართულება ონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გასულ კვირას ონის მუნიციპალიტეტის მიერ მოპოვებულ ჯილდოს, რომლის ფარგლებშიც ონის მუნიციპალიტეტის მერია ნომინაციაში – „სკოლამდელი აღზრდა, სკოლის გარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები“ გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერია საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებით იმართება 2022 წლიდან მონაწილეობს და ყოველ წელს სხვადასხვა ნომინაციაში იმარჯვებს.
სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტისა და მერიის სამსახურების ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის, აღნიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტის დღის წესრიგში მდგარი გამოწვევების დროულად გადაჭრის მიზნით.