რადგან “აგენტების კანონმა” “თავისი მიზნები ვერ შეასრულა” და ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა რეგისტრაციას თავი აარიდა, ხელისუფლებამ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის”, იგივე ამერიკული „ფარას” ანალოგის მესამე და საბოლოო მოსმენით ამ დღეებში უნდა მიიღოს. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ამის შემდეგ პასუხისმგებლობას ვერავინ ვეღარ გაექცევა.
კანონის მიღების სავარაუდო თარიღი 4 აპრილია. მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი და ძალაში ოფიციალურად მიღებიდან 60 დღის შემდეგ შევა. კანონი ეხება როგორც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, ასევე ფიზიკურ პირებს.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი Front News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკული “ფარა“ თუკი ზუსტად იქნება ნათარგმნი, ის საქართველოში საერთოდ არავის შეეხება. მით უმეტეს, ის ვერ დააკისრებს პასუხისმგებლობებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს. თუმცა ანალიტიკოს ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლება ამ კანონში მცირედ ცვლილებებს შეიტანს, რითაც შეეცდება, რომ საკუთარ ინტერესებს მოარგოს.
– ხელისუფლებაში ამბობენ, რომ რადგან „აგენტების კანონმა“ არ იმუშავა, ამიტომ მისი ანალოგის, უფრო მკაცრი ვერსიის “FARA-ს ასლის“ მიღება გადაწყვიტეს. მათი პოზიციაა, რომ ამერიკაში შემუშავებული რეგულაციებით საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს სამოქალაქო სექტორის დაფინანსებისა და საქმიანობის შესახებ. თუკი მოქმედი “აგენტების კანონი“ მხოლოდ ორგანიზაციებს შეეხება, ამერიკული FARA ფიზიკურ პირებსაც მოიცავს; FARA, „აგენტების კანონისგან“ განსხვავებით, ჯარიმასთან ერთად, გარკვეულ შემთხვევებში, 6 თვიდან 5 წლამდე პატიმრობასაც გულისხმობს. რამ მოხიბლა „ოცნება“ და რატომ გადაწყვიტა კანონის ცვლილება?
– თუ ეს კანონი „ფარადან“ სიტყვასიტყვით არის ნათარგმნი, მაშინ მას იმ მიზნებისთვის ვერ გამოიყენებენ, რომლისთვისაც იღებენ. ხელისუფლების მიზანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება საბოლოოდ გაანადგუროს. ნებისმიერი ალტერნატიული აზრის გაქრობა სურთ. ამას ვერანაირად ვერ გააკეთებენ, თუკი ეს კანონი ზუსტად ამერიკულიდან არის ნათარგმნი. თუმცა აქ გულუბრყვილოები არც ხელისუფლებაში არიან. მე ვეჭვობ, რომ მათ მცირედი ცვლილებები შეიტანეს. ეს კი საკმარისია, რითაც კანონის არსს აბსოლუტურად გადაატრიალებს. კანონის არსი ასეთია რომ ის ეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ ორგანიზაციებს წარმოადგენს. რომლებიც საქართველოში მათ ინტერესებს და პოლიტიკას ატარებენ. აქ კი ჩვენს ხელისუფლებას სურს ეს სამოქალაქო სექტორს შეეხოს, რომელიც უბრალოდ უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. ისეთი ორგანიზაციებისგან, რომლებიც საქართველოს რეფორმების გატარებაში ეხმარება. ეს კი ძალიან დიდი განსხვავებაა.
– ვინ არიან ამერიკულ „ფარაში“ დარეგისტრირებული. რომელ ორგანიზაციებს უწევთ ამ კანონის მიხედვით რეგისტრაცია? არსებობენ თუ არა ანალოგიური ორგანიზაციები საქართველოში?
– ამერიკულ „ფარაში“ 700-მდე ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. იქიდან არასამთავრობო ორგანიზაცია სულ რამდენიმეა. წარმოიდგინეთ მთელს შეერთებულ შტატებში მხოლოდ 700 ორგანიზაციაზეა საუბარი. 400 მილიონიან ქვეყანაში წარმოიდგინეთ რა ცოტაა დარეგისტრირებული. საქართველოში რომ ფარასნაირი კანონი რეალურად მიიღო, ვერავის დაარეგისტრირებ. შესაძლოა, ასეთ ორი ან სამი მოიძებნოს მხოლოდ. ასეთი ლობისტი ორგანიზაცია შესაძლოა, იყოს რუსული მედიასაშუალება, როგორიც მაგალითად “სპუტნიკია“ ან „რაშათუდეის“ წარმომადგენლობა საქართველოში. ან რომელიმე ასეთი ორგანიზაცია.
სხვა შანსი არ არის ამ კანონის სტანდარტებს მოერგოს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ერთი, შეცვალეს კანონის რეალური სახე, ახლა კი მას როგორც ამერიკულ „ფარას“ ისე ასაღებენ. ხოლო მეორე ვარიანტია, იმედი აქვთ, კანონს მისცემენ ისეთ ინტერპრეტაციას, როგორიც გაუხარდებათ. ჩვენ ხომ ვხედავთ, საქართველოში სასამართლო პრაქტიკულად აღარ მუშაობს. ამიტომ არ გაუჭირდებათ ადამიანს ტყუილი ისე დაუმტკიცონ, თითქოს სიმართლეა.
– ხელისუფლება ამბობს, რომ იმ კანონმა ვერც იმუშავა და ა.შ. თუმცა ახლა აცხადებენ, რომ არასამთავრობო სექტორს არ სურს ამერიკული კანონი „ფარაც“ კი და თუ რამე არ მოსწონთ ამერიკის საელჩოს მიმართონ ან ტრამპის ახალ ადმინისტრაციას. ფიქრობთ, რომ ახლა ისინი ეცდებიან ეს კანონი აქეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს შემოუტრიალონ და პიარის თვალსაზრისით საზოგადოებას აჩვენონ, რომ მათთვის პრობლემა ამერიკული კანონიც არის. რას იღებენ ამ ნარატივით? ენჯეოსექტორის დისკრედიტაცია ფიქრობენ კიდევ უფრო მარტივი გახდება?
– იმ კანონმა არ იმუშავა იმიტომ, რომ არავის სურს უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი ეწოდოს. მეორეს მხრივ არც ამ კანონში იყო მაინც და მაინც ვალდებულება, რომ დარეგისტრირებულიყო არასამთავრობო სექტორი. არც ეს ფარა იძლევა ვალდებულებას, მაგრამ თავად ხელისუფლება აძლევს ისეთ ინტერპრეტაციას როგორიც სურს. რა თქმა უნდა, ეს სჭირდებათ, როგორც აღვნიშნე უკვე საზოგადოებაში საჩვენებლად, რომ აი მესამე სექტორი არც ამერიკულ კანონზეა თანახმა და აქაც იმალებიან. თუ უცხო ქვეყნის გავლენის წარმომადგენელი ორგანიზაცია ხარ, ამას ხომ ღიად შენ თავად არ ცნობ.
მეორეც არ იმუშავა იმიტომ, რომ მარტო არაკომერციულ ორგანიზაციებზე ვრცელდებოდა. „ფარაში“ მათ მოეწონათ ის რომ ის ყველა სახის ორგანიზაციებზე ვრცელდება და ფიზიკურ პირებზეც. ამიტომ ან თუ გადაკეთდა ეს ორგანიზაცია და გახდა მაგალითად შპს ან გავიდა საქართველოს იურისდიქციიდან და სხვაგან დარეგისტრირდა, მაშინ უნდა სდიონ და უმტკიცონ, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები არიან. „ფარაში“ წერია, რომ მეტწილად უცხოეთიდან უნდა ფინანსდებოდეს. საკმარისია, რომ თავისი შემოსავლები ჰქონდეს, ასეთი ორგანიზაცია „ფარას“ რეესტრში აღარ უნდა მოხვდეს.
პლუს ის თუ არ ეწევა რაღაცა პოლიტიკურ საქმიანობას, მხარდაჭერას ეწევა რეფორმების, გარემოს დაცვით კვლევებს აფინანსებს თუ ა.შ. წესით ის ასეთი ტიპის რეესტრში არ უნდა მოხვდეს. აქ ახლა საკითხების ძალიან დიდი სპექტრია, რომელიც საჭიროა იურისტებმა კარგად შეისწავლონ. სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში არცერთი კანონი არ შეიძლება სრულყოფილად მიესადაგოს. სასამართლომ დაამტკიცა, ამ აქციების დაჭერების პერიოდში რომ ქვეყანაში სამართლის აღსრულება პრობლემაა. „ფრიდონ ჰაუსმა“, ასევე დემოკრატიული მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, რომელსაც ხელისუფლებაში მიიჩნევდნენ, რომ დემოკრატიის კუთხით მათ შედეგებს სამართლიანად წარმოაჩენდა. მათ ავტორიტეტულ ორგანიზაციებად ასახელებენ, იმათაც საქართველო ელექტროლარულ ავტორიტარულ ქვეყნების სიაში გადაიყვანა. როცა სომხეთი და მოლდოვა ისევ ელექტროლარული დემოკრატიის ქვეყნების რიცხვში არიან.
– ამ კანონების პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა გერმანიის მხრიდანაც ახალი სანქციების ქვეშ მოექცა. გერმანიას ჰქონდა მანამდე დაწესებული საქართველოს რამდენიმე მაღალჩინოსანზე ასეთი სანქციები, თუმცა ახლა კიდევ უფრო გააფართოვა. რა გავლენას მოახდენს გერმანული სანქციები და ექნება თუ არა ამას ჯაჭვური რეაქცია სხვა ქვეყნებზეც. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის წამსვლელი გერმანიის შოლცის ხელისუფლების საბოლოო ანგარიშსწორება მათზე. რას ნიშნავს როცა ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა სანქციებს აწესებს?
– აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მაღალჩინოსნებს გერმანიაში შესვლის უფლებას აღარ მისცემენ. საქმე კი იმაშია, რომ ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყნის მესაზღვრე რომ ნახავს ამ პიროვნებებს გერმანიაში შესვლის უფლება არა აქვთ და სანქცირებულები არიან, ისინი ამ ადამიანებს საკუთარ ქვეყნებში არ შეუშვებენ. მათ იციან, რომ მაგალითად ეს ადამიანი ნიდერლანდებში რომ შეუშვან, გაჩნდება საფრთხე, რომ ის გერმანიაში გადავიდეს. ამიტომ გერმანიის მიერ ასეთი სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებში შესვლაც გაუჭირდებათ. გერმანია ევროკავშირის წამყვანი ქვეყანაა, ამიტომ ორჯერ ორი ოთხია რომ ის სხვა ქვეყნებისთვის მაგალითს იძლევა.
ამიტომ ამას ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობიდან ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. ხშირად მიდის უკვე საუბარი იმაზე, რომ საჭიროა ევროკავშირის გარეთ კოორდინირებული მოქმედება. ევროპარლამენტის რეზოლუციები რამდენი იყო მიღებული. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია რომ ანალოგიური სანქციები სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც მიიღონ. უბრალოდ სოლიდარობა გამოუცხადონ ამ შემთხვევაში გერმანიას. პირველი ვინც გერმანიას სოლიდარობას გამოუცხადებს ამ კუთხით, ალბათ საფრანგეთი იქნება. ეს არ კეთდება იმისთვის,რომ ვიღაცა დაისაჯოს. ეს კეთდება იმიტომ რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შეჩერდეს. ჩინოვნიკებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ დაუსჯელები ვერ გადარჩებიან, თუკი ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედებენ.
– “მეგობრობის აქტის“ განხილვის მოლოდინშია საქართველოში ოპოზიცია და ხელისუფლება. ცნობილია რომ ის კონგრესზე 27 მარტს უნდა განიხილონ. როგორ ფიქრობთ, თუკი მისი მიღება მოხდება, რა სახის პრობლემა შესაძლოა, ორი ქვეყნის ურთიერთობას გაუჩნდეს. როცა „ოცნება“ ამბობს და აქვს ,მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვას შეძლებს?
– რა თქმა უნდა, ამ აქტის მიღება თუ მოხდა, ეს ქვეყანას მისცემს საშუალებას ამერიკასთან, როგორც თანამშრომლობის ასევე გავლენის შესაძლებლობასაც. ეს მოახდენს დიდ გავლენას ხელისუფლებაზე, რადგან ხელისუფლებას ექნება შიში, რომ ასეთი კანონების მიღების, დემოკრატიის უკუსვლის ფონზე, ის პასუხს ამერიკისგანაც მიიღებს. თუ ეს აქტი იქნება მიღებული, მაშინ აშშ ადმინისტრაცია სანქციებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიიღებს. აქ უკვე ის ვალდებული გახდება, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. როდესაც სენატი და კონგრესი ადმინისტრაციას მიუთითებს, რომ საქართველოში ასეთი დარღვევები და დემოკრატიის უკუსვლაა, მან უნდა იმოქმედოს. ასე რომ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა ექნება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი შიში გაუჩნდება.
– ფიქრობთ, რომ აქტის მიღების შემდეგ “ოცნებას“ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვა და პოლიტიკის განახლება გაუჭირდება?
– ხელისუფლებას ნარატივი, რომ აი ტრამპთან დავალაგებთ და ყველაფერი კარგად იქნება, უკვე ხელიდან აქვს გამოცლილი. ყველა ხედავს ახლა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია არ აუქმებს იმ სანქციებს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ არის საქართველოს ხელისუფლების და ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული. ამიტომ მე არ ვიცი რას ელოდება და რისი იმედია აქვს „ოცნებას“. ამას უფრო პიარისთვის აკეთებენ და საკუთარ ამომრჩეველს აჯერებენ, რომ აი სადაც არის ყველაფერი ამერიკასთან დალაგდება. რეალურად კი სიტუაცია ასე მარტივად არ არის.
ელზა პაპოშვილი