ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ისინი პროტესტს რამდენიმე დღეა, რაც თბილისში აგრძელებენ.
მაღაროელები კომპანიის მიერ 3 620 თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებენ და კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ, მათ შორის სახელმწიფოს მიმართაც.
მათი განცხადებით, თუ სახელმწიფო ყურად არ იღებს ამ პრობლემას, ქალაქს პარალიზებულს გახდიან.
“ჩვენ უკვე სამსახურიდან გათავისუფლებულები ვართ, მშივრები დავრჩით, მალე ბანკები მოგვადგებიან და სახლ-კარს წაგვართმევენ, ამიტომ დასაკარგი მართლაც აღარაფერი გვაქვს. თუკი ეს ყველაფერი მოხდა და სახელმწიფომ ეს ყურად არ იღო, ერთი გზა დაგვრჩება, რომ ჩავკეტოთ ქალაქი და გახდეს მთლიანად პარალიზებული და არ გავიდეს იქიდან არაფერი. მანგანუმი ახლა ვერ გადის ქალაქიდან, მაგრამ ჩავკეტავთ ტრანზიტსაც იმის გამო, რომ როგორმე ხელისუფლებას ხმა გავაგონოთ”, – განაცხადა მაღაროელმა სიმონ მიქაცაძემ.
მაღაროს თანამშრომლების მთავარი მოთხოვნებია – შეხვედრა მთავრობასთან; ინვესტორის წასვლა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღება; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას; დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება.