დღეს თქვენთვის ჩამოვიტანე გაფრთხილება და მოწოდება ქმედებებისკენ. თუ საქართველოს ვერ დავიცავთ ახლა, ხვალ შეიძლება ძალიან განსხვავებულ ევროპაში გაგვეღვიძოს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საქართველო ავტორიტარიზმში ჩაეფლობა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროპის პოზიციებს რეგიონში და მიაყენებს ზიანს ევროპის რეპუტაციას.
“დღეს თქვენთვის ჩამოვიტანე გაფრთხილება და მოწოდება ქმედებებისკენ – საქართველოს ტრანსფორმაცია მიმდინარეობს ახლა არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით. არა ერთ ღამეში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვხედავთ, როგორ შლიან ჩვენს თვალწინ ჩვენს დემოკრატიას. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ ძალადობას, აკავებენ, ოპოზიციურ პარტიებს ემუქრება დაშლა და აკრძალვა. მიიღეს უცხოური აგენტის კანონი, რომელიც არის ასლი რუსული კანონისა, რომელიც გამოყენებულია იქ მედიის რეპრესირებისთვის. ერთი საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც არ მიღებულა სასამართლოში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ჩნდება ერთპარტიული მმართველობა, რომლის უკანაც დგას ერთი ადამიანი, რომელიც არის ხელშეუხებელი და რუსული ავტოკრატიული მმართველობის აჩრდილი. ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთის აჩრდილი. ამაზე ევროპული პასუხი იყო ზედმეტად ხმადაბალი და ჩუმი
საქართველოს მოსახლეობა მზადაა წინააღმდეგობის გასაწევად. საქართველო არაა შემთხვევითი ქვეყანა, ის არის ევროპის მეზობელი. თუ საქართველო ავტორიტარიზმში ჩაეფლობა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროპის პოზიციებს ამ რეგიონში და მიაყენებს ზიანს ევროპის რეპუტაციას. თუ ევროკავშირი ვერ დაიცავს იმ ღირებულებებს, რომლის შესაქმნელადაც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ევროპის სტრატეგია მხოლოდ ქაღალდზეა და რეალური ძალა არ აქვს. რაც 2008 წელს რუსეთმა ტანკებით ვერ მიაღწია, ახლა დაპყრობას ჰიბრიდული ძალებით ცდილობს. ამას არმია არ სჭირდება, სამი კომპონენტია საჭირო: მანიპულაცია არჩევნებში, დეზინფორმაცია-პროპაგანდა და ოლიგარქი, რომელიც მიიტაცებს სისტემებს. თუ ეს ჰიბრიდული მიდგომა გაამართლებს საქართველოში, ამის გადამრავლება შესაძლებელი გახდება სხვა ქვეყნებშიც.
ევროპამ ნაბიჯები უნდა გადადგას ახლავე, არა სიტყვებით, არამედ საპასუხო სტრატეგიით. ახალი არჩევნები იქნება უსარგებლო თუ არ გვექნება ახალი მკაცრი წესები. ამ მიდგომით არჩევნებს არჩევნებამდე აყალბებენ. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პროევროპულია. საჭიროა სანქციები მათ წინააღმდეგ ვინც ხელს უწყობს ძალაუფლების მიტაცებას.
დაიცავით ღირებულებები, რომელსაც ხელს უწყობდით მანამდე – მართლმსაჯულებას, მედიას და სხვას.
ჩეხმა ხალხმა იცის, რას ნიშნავს ოკუპაცია, პროპაგანდა, თავისუფლების მოპოვება. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ თქვენ იბრძოლოთ ჩვენ მაგივრად, მაგრამ იდექით ჩვენს გვერდით. თუ საქართველოს ვერ დავიცავთ ახლა, ხვალ შეიძლება ძალიან განსხვავებულ ევროპაში გაგვეღვიძოს. მინდა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გითხრათ თქვენ, დიდი მადლობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.