“ოცნების” გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მოსახლეობის დაპირისპირებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომისთვის, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიის განცხადებით, შემაშფოთებელია საქართველოს ისტორიის გადაწერის და რეალობის გამრუდების მცდელობა.
“შემაშფოთებელია საქართველოს ისტორიის გადაწერის და რეალობის გამრუდების მცდელობა, რომელიც “ქართული ოცნების” გამოცხადებული მთავრობის მეთაურობით ახალი ძალით დაიწყო.
“ოცნება”, ფაქტობრივად, უარყოფს საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიას, ქართველი ხალხის სიმამაცეს და თავგანწირვას, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა თაობის მიერ ჩვენი თვითმყოფადობისთვის გაღებულ მსხვერპლს და ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტის ისტორიული მტრის ვინაობა დაიცვას და შენიღბოს.
“ოცნების” ჯგუფი უბრალოდ უცხო სახელმწიფოდ აცხადებს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ოკუპაციის განმახორციელებელ, ჩვენი მშობლების, შვილების, დებისა და ძმების სისხლში გასვრილ რუსულ სახელმწიფოს და ტოლობის ნიშანს სვამს საქართველოს მტერსა და მეგობრებს შორის.
“ოცნების” დღევანდელი მოქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისკენაა მიმართული.
მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და საქართველოს ისტორია არასდროს არავის პატიობს.
“ოცნების” გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მოსახლეობის დაპირისპირებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომისთვის!“, – აღნიშნულია განცხადებაში.