spot_img
spot_imgspot_img
spot_img

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვიხილეთ ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები და ამის ორგანიზატორები იყვნენ ის არასამთავრობოები, რომლებიც ფინანსდებიან მათ შორის, ევროკავშირის ბიუჯეტიდან

შვედეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ამაზრზენ თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ ელჩმა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ეს ფარისევლობა რომ დასრულდეს, ველოდებით კონკრეტულ პასუხს საელჩოსგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციებს ჰყავთ კონკრეტული დონორები, კერძოდ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია და შვედეთის სახელმწიფო აფინანსებს.

„გუშინ რაც ვიხილეთ, აბსოლუტურად სამარცხვინო აქტი იყო. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომელიც რუსთაველზე იყო, ფეხქვეშ გათელა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა, ფეხქვეშ გათელა ის იდეები, რისთვისაც 1989 წლის 9 აპრილს შეკრებილი ადამიანები საბჭოთა ჯარს წინ დაუდგნენ. გუშინ ამ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ფეხქვეშ გათელა ზოგადად იდეა, რისთვისაც ეროვნული მოძრაობა იბრძოდა. თუმცა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ამას კიდევ უფრო ღრმა პრობლემები და ფესვები აქვს იმ მხრივ, რომ ეს არ იყო ცალკეული ადამიანი. ჩვენ ვნახეთ და ვიცით, რომ ეს იყო ორგანიზებული კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საფარი“, „სირცხვილია“, მათ შორის ქალბატონი ლომჯარიას „ენჯეო“, რომლებსაც იქ ვხედავდით და რომლებიც წინა დღეებში აორგანიზებდნენ ღონისძიებას, რომ ხელი შეეშალათ მათთვის მიუღებელი პირების მისვლისთვის რუსთაველზე. მთავარი მიზანი იყო, უნდოდათ, საზოგადოებას შორის დაპირისპირების პროვოცირება მოეხდინათ. ვიხილეთ კიდევაც, რომ მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწიეს თავისას, ძალადობა დაიწყეს. პრობლემა არის არა ის, რომ იქ ცალკეული ადამიანები იყვნენ, პრობლემა არც ის არის, რომ რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია გეგმავდა საზოგადოების დაპირისპირებას, პრობლემა არის იმ დონორებში, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. ამ ორგანიზაციებს ჰყავთ კონკრეტული დონორები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. ამიტომ გუშინ, სინამდვილეში, იქ ყვიროდა შვედეთის წარმომადგენლობა და არა რომელიღაცა ქართული „ენჯეოს“ რომელიღაცა თანამშრომელი. გუშინ იქ ყვიროდა, ძალადობდა და თავს ესხმოდა საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს და სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც უნდოდათ ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, უყვიროდნენ კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ მემორიალთან თავად მივიდნენ. კითხვა მიემართება შვედეთის ელჩს: ეს არის, რასაც ისინი აფინანსებენ საქართველოში, რომ დააპირისპირონ ქართველი ხალხი? შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დღესდღეობით სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა, ტყუილი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა ასოცირებულია ევროპულ დაფინანსებასთან.

„გუშინ ვნახეთ აბსოლუტურად ემოციურად დაზიანებული ადამიანების ისტერია, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ არც რუსთაველის გამზირთან, არც 9 აპრილთან და, სამწუხაროდ, ვატყობთ, რომ არც საქართველოსთან არ აქვთ არანაირი ემოციური კავშირი. ერთადერთი, მოქმედებენ სხვისი დაკვეთით, რათა კიდევ უფრო წაახალისონ თუ უბიძგონ დაპირისპირებას. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობა ამ ამაზრზენ აქტზე, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არის კონკრეტული საელჩოებისა და დონორების. მათია ეს პასუხისმგებლობა, რაც ხდება. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები და ამის ორგანიზატორები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან კონკრეტული დონორების მხრიდან, ევროპული ქვეყნების, მათ შორის, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. აი, ამ ფაშიზმს როდესაც არ ემიჯნებიან, არამედ აფინანსებენ ფაშიზმს, ტერორს, თავდასხმას, სიძულვილს, პროპაგანდას, დეზინფორმაციას, ეს არის სწორედ დონორების პასუხისმგებლობა. ასე რომ, ვნახოთ, რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით.

ველოდებით კონკრეტულ პასუხს, ემიჯნება თუ არა შვედეთის საელჩო მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ამ ტერორს 9 აპრილის მონაწილეების, საკრებულოსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების და მოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები