აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობისკენ ყველაზე სწრაფი ნაბიჯი არის რუსეთისთვის აღმოსავლეთ უკრაინის ოთხი რეგიონის დათმობა, – ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც გასულ კვირას შედგა, უიტკოფი ტრამპს შეხვდა და სწორედ მაშინ უთხრა მან ამერიკის პრეზიდენტს მშვიდობისკენ ყველაზე სწრაფი ნაბიჯის შესახებ.
“უიტკოფმა თქვა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის უსწრაფესი გზა არის იმ სტრატეგიის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთს მისცემს საკუთრების უფლება უკრაინის ოთხ აღმოსავლეთ რეგიონზე, რომლის უკანონო ანექსია 2022 წელს სცადა”, – განუცხადეს Reuters-ს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და ხუთმა ადამიანმა, რომლებიც სიტუაციას იცნობენ.
აღსანიშნავია, რომ უიტკოფმა ეს აზრი ადრეც გამოთქვა, მაგრამ ტრამპთან ამ საკითხზე საუბრის ეს პირველი შემთხვევაა, რის შემდეგაც პრეზიდენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი უკრაინაში კიტ კელოგი უიტკოფის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობას.
როგორც Reuters წერს, ზოგიერთი რესპუბლიკელი იმდენად იყო შეშფოთებული უიტკოფის აშკარა პრორუსული პოზიციით, რომ რამდენიმემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს მაიკ უოლცს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს დაურეკა.