spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“გაგრძელება იქნება” – უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყა რუსული ბრიგადის მუდმივი განლაგების პუნქტს, რომელმაც ბზობის კვირას სუმზე იერიში მიიტანა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის რეგიონში რუსეთის არმიის 448-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი განლაგების პუნქტი გაანადგურეს. სწორედ ამ ბრიგადამ განახორციელა სარაკეტო შეტევა ქალაქ სუმზე 13 აპრილს, ბზობის კვირას, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის ცნობით, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფები, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, თავს დაესხნენ კურსკის ოლქში არსებულ უამრავ ობიექტს.

ეს ობიექტები დაკავშირებულია რუსებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ 2025 წლის 13 აპრილს ქალაქ სუმზე სარაკეტო თავდასხმასა და სხვა სამხედრო დანაშაულებებში უკრაინის ხალხის წინააღმდეგ.

დარტყმა მოხდა რუსი ოკუპანტების 448-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი განლაგების პუნქტზე და დაფიქსირდა საბრძოლო მასალის მეორადი აფეთქება. შედეგები ამ დროისთვის ზუსტდება.

“ყველა რუსული სამხედრო ნაწილი, დივიზია და მათი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, იქნება გამოვლენილი და აუცილებლად მიიღებს პასუხს, გაგრძელება იქნება… დიდება უკრაინას!“, – აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.

კვირას, 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე რუსეთის არმიამ ორმაგი ბალისტიკური დარტყმა განახორციელა ქალაქ სუმის ცენტრზე.

თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსებმა ვორონეჟისა და კურსკის რეგიონებიდან ორი ისკანდერ-მ/კნ-23 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა სუმს კასეტური საბრძოლო მასალის შემცველი რაკეტით შეუტია; მტრის რაკეტა ჰაერში აფეთქდა. დარტყმის ადგილებთან დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქე იყო. 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ყველაზე მეტი მსხვერპლი იყო ტროლეიბუსში, რომელიც მოძრაობდა აფეთქების ადგილთან ახლოს.

15 აპრილის მდგომარეობით ცნობილია 125-მდე დაშავებულის შესახებ, რომელთაგან ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოშია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები