არანაირი რესურსი არ აქვს ოპოზიციას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ? ასე არის დღეს ჩვენი ოპოზიციის საქმე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
“რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ოპოზიციას არ აქვს უფლება, რომ ეს თავისით გადაწყვიტოს. ისინი მითითებებს ელოდებიან გარედან, თავიანთი პატრონებისგან და რასაც უბრძანებენ, იმას თავდახრილი გააკეთებენ. დღეს, შეიძლება თქვან, რომ მონაწილეობას არ ვიღებთო, მაგრამ როგორც კი ხვალ წამოვა ბრძანება, რომ უნდა ჩაერთონ, რა თქმა უნდა, შეიცვლიან დამოკიდებულებას და მონაწილეობას მიიღებენ“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის იყენებენ, რათა ქვეყანაში დაძაბულობა შექმნან, მაგრამ ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს გაატარებს.
“ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესს ყოველთვის იყენებენ იმისთვის, რომ შიდა დაძაბულობა იყოს, რადიკალური დაჯგუფებები გამოაღვიძონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ. უახლოეს წარსულში ასე ხდებოდა. ჯერ კანდიდატის სტატუსის მოცემა-არ მოცემის საკითხს იყენებდნენ რევოლუციის მოსაწყობად. შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა არ-გახსნის საკითხს, ახლა კი ვიზალიბერალიზაციის გაუქმება-არ გაუქმების საკითხს. მერწმუნეთ, არაფერი გამოუვათ. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, ამაყობს იმით, რომ დღეს ვერავინ ბედავს ხელისუფლებას მბრძანებლური ტონით მითითებები მისცეს“, – განაცხადა კალაძემ.