კომიკურად გამოიყურება მაკა ბოჭორიშვილის და “ქართული ოცნების” უბადრუკი მცდელობა, რომ ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი გამოაჩინონ, როგორც მათი ხელისუფლების აღიარება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი რუსეთშიც იმყოფებოდა.
“კომიკურად გამოიყურება მაკა ბოჭორიშვილის და “ქართული ოცნების” უბადრუკი მცდელობა, რომ ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი გამოაჩინონ, როგორც მათი ხელისუფლების აღიარება იმიტომ, რომ საზოგადოებას განვუმარტავ – ეუთოს მანდატი არის, რომ იმუშაოს ყველა წევრ სახელმწიფოსთან, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას და იგივე ადამიანი – გენერალური მდივანი რამდენიმე კვირის წინ მოსკოვშიც იყო ჩასული.
როდესაც შეთანხმება იქნება ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, მერე ყველაფერი შეიძლება, მათ შორის ეუთოს რეკომენდაციები როგორ უნდა შესრულდეს და როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. მანამდე ვერც ეუთოს გენმდივანი და ვერც სხვა ვერავინ ვერანაირ პროცესს ვერ დაძრავს საქართველოში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოში ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი იმყოფება.