გელათში უნიკალური ფრესკები ისევ ნადგურდება. ამჯერად კედლის მხატვრობა ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან დაზიანდა და ჩამოიშალა. აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი საუბრობს.
მისი განცხადებით, ამ პროცესის შესაჩერებლად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო არანაირ ღონისძიებას არ ახორციელებს. ტაძარს კი სარესტავრაციო სამუშაოებში კვალიფიციური ექსპერტების ჩარევა სჭირდება.
“ყოველდღიურად ცვენის პროცესი გელათის მონასტერში ორიგინალური მხატვრობის, არ ჩერდება და ამას ვერ შველის ვერანაირი განცხადებები მინისტრის მხრიდან და ბოლო პიარაქციები. ცვენის პროცესი გააქტიურებულია მთელს ინტერიერში და არა მხოლოდ ძირითად ტაძარში, წმ. გიორგის ეკლესიაშიც. სამწუხაროდ, დღემდე არანაირი ღონისძიება გადადგმული არ არის. ჩვენ მოვისმინეთ მინისტრის განცხადება და საბჭოს გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გატარება, რომელსაც გადაუდებელი ხასიათი უნდა ჰქონდეს. თუკი რამე გადაუდებელი იყო, ამ თვეების მანძილზე უნდა ეზრუნა სახელმწიფოს”-აცხადებს ბარათაშვილი.
ბარათაშვილი კულტურის მინისტრს ურჩევს, სხვისი დადანაშაულების ნაცვლად, დაუყონებლივ დაიწყოს ძეგლის გადარჩენის სამუშაოები.