საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში, 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული. ამასთან, ემატება კოვიდსასტუმროებიც.
“ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება არის მაქსიმალური, ემატება კიდევ საწოლფონდი. ამ დროისთვის, დაახლოებით 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული. ასევე, დაემატა კოვიდსასტუმროები, რათა არ შეიქმნას პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ან კოვიდკლინიკებში გადაყვანის პრობლემა. სრულად არის მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რათა ბინაზე მოვლა და მართვა იყოს შესაბამისი”, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე განმარტებით, “ფაიზერით“ იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.
“ამერიკის დონაციის შედეგად, ჩვენ მივიღებთ “ფაიზერის” ვაქცინის ნახევარ-მილიონ დოზას. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალის, ასევე ცხელი ხაზის, 15 22-ის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა ერთიანი რიგი დავიცვათ. შემდეგ ისევ შესაძლებელი იქნება ვირტუალური რეგისტრაციაც. მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 37 დაწესებულება. ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება, რათა რიგი არ შეიქმნას და ყველა მსურველი მოკლე ხანში დაკმაყოფილდეს”– განაცხადა თამარ გაბუნიამ.