“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმება არა მათთან, არამედ ევროპასთან, აშშ-თან, ოპოზიციურ პარტიებთან და უპირველეს ყოვლისა, ქართულ საზოგადოებასთან გააფორმა.
“ამას რა თქმა უნდა, მოჰყვება ძალიან სერიოზული რეაგირება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, როგორც “ქართულ ოცნებასთან”, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთადაც, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულებულიყო. ეს იყო შარლ მიშელის დოკუმენტი. ასე რომ, ახლა, რაც არ უნდა იძახოს “ქართულმა ოცნებამ”, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არ მოუწერია ხელი და ამიტომ, ჩვენ ანულირებას ვუკეთებთ, მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კი არ გააფორმეს ეს შეთანხმება, გააფორმეს ევროპასთან, აშშ-თან, ოპოზიციურ პარტიებთან და უპირველეს ყოვლისა, ქართულ საზოგადოებასთან, რომელსაც დღეს უთხრეს უარი”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.