იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა და პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად, ერთადერთი გამოსავალი აცრების გააქტიურებაა.
“ბოლო 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს. საქართველო ახლა კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღის, ალბათ, საწყის სტადიაზეა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ერთადერთი შესაძლებლობა ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაც შეიძლება სწრაფი ზრდაა”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
მან კოვიდის ე.წ დელტა ვარიანტზეც გაამახვილა ყურადღება, რის გამოც, მისი განმარტებით, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაზრდილია.
“დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ჩვენთვის, პედიატრებისთვის, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა გახდა მიმართვიანობის გაზრდა პედიატრიულ სტაციონარებში. ზოგადად, სწორედ დელტა ვარიანტისთვისაა დამახასიათებელი ჰოსპიტალიზაციის მეტი შემთხვევა. კორონავირუსის მუტაციით გამოწვეული ეს დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს” – აცხადებს ივანე ჩხაიძე.